მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ სივრცული კონცეპტუალური კომპოზიციის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

სტუ სივრცული კონცეპტუალური კომპოზიციის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

29-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი სივრცული კონცეპტუალური კომპოზიციის - „წარსული, აწმყო, მომავალი“ შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს.

სივრცული კონცეპტუალური კომპოზიცია უნდა გადმოსცემდეს უნივერსიტეტის ისტორიას დაარსებიდან დღემდე და მის მომავალს. სივრცული კონცეპტუალური  კომპოზიცია განთავსდება თბილისში, მისამრთზე: კოსტავას, 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე. კომპოზიციის ფორმა, მასშტაბი და მასალა შეირჩევა ავტორის შეხედულებისამებრ, თუმცა ავტორმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს არსებული გარემო და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ღია და ანონიმურია, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტორებს, მოქანდაკეებს, მხატვრებსა და როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

კონკურსის მონაწილეთა მიერ უნივერსიტეტში წარდგენილ თითოეულ საკონკურსო მასალას, პროექტის იდენტიფიცირებისა და ავტორთა ანონიმურობის დაცვის მიზნით, მიენიჭება სარეგისტრაციო კოდი, შესაბამისად, საკონკურსო პროექტების ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ვინაობა ცნობილი გახდება ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დალუქული კონვერტების გახსნისას.

სტუ კონკურსის დაწყებამდე გამოაქვეყნებს იმ გარემოს ამსახველ ფოტომასალას, სადაც კომპოზიცია უნდა განთავსდეს. საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივლისის 18.00 საათი.

კონკურსის პირობების (წარსადგენი მასალის შემადგენლობა, ფორმატი, პროექტის ჩაბარების ვადები და ა.შ.) დარღვევის, მათ შორის, სარეგისტრაციო კოდის არარსებობის შემთხვევაში, პროექტი და საკონკურსოდ არ განიხილება.

საკონკურსო ჟიური, განხილვის შედეგად, გამოავლენს ერთ საუკეთესო პროექტს, რომელსაც საპრიზო თანხა - 10 000 ლარი გადაეცემა. კონკურსზე დაშვებული რეგისტრირებული პროექტების ავტორებს/ავტორთა ჯგუფებს მონაწილის სერტიფიკატები გადაეცემათ.

საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ფონდის დაწესება და სივრცული კონცეპტუალური კომპოზიციის დამზადება შემოწირულობის მეშვეობით მოხდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11