საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელამ და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მერანი“ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსში წარმატება მოიპოვეს და ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.
საფესტივალო კონკურსზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) გაიმართა, სტუ-ის ვაჟთა კაპელამ ორი სასიმღერო ნომერი - „გარეკახური საჭიდაო“ და „მეგრული ალილო“, ხოლო „მერანმა“ ცეკვა აფხაზური“ მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმოადგინეს, რითაც მაყურებლის ოვაცია და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს. შედეგად, სტუ-ის შემოქმდებითი ჯგუფები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსის ფინალში გადავიდნენ.
თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“, რომლის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
ფესტივალის ფინალური კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 6 ივლისს, 18.00 სთ-ზე, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.