მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „ქალთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით სოფელ ძველ ქანდაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

სტუ-ის „ქალთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით სოფელ ძველ ქანდაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

28-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის „ქალთა ასოციაციისა“ და 100-წლოვანი ისტორიის მქონე „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტერტის მუხრანის თემის სოფელ ძველ ქანდაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორთა ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოფელ ძველ ქანდაში იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა სოფელ ძველი ქანდას მკვიდრ 60-ზე მეტ პირს საჭირო  სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნაზი კუციავა აღნიშნავს, ძველი ქანდის მოსახლეობას მედიკოსებმა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები შეურჩიეს. გარდა ამისა, სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალური დახმარება გაუწიეს.

„ქალთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ერთობლივი ღონისძიება გათვლილი იყო სოფელ ძველი ქანდის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. მოვინახულეთ 60-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც სამედიცინო კონსულტაცია და გამოკვლევები ესაჭიროებოდათ. ექიმებმა სათანადო კონსულტაცია გაუწიეს რამდენიმე მწოლიარე პაციენტსაც. გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, სოციალურად დაუცველებს, შეძლებისდაგვარად, მატერიალურადაც დავეხმარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, ასევე, სტუ-ის პოლიკნინიკის ექიმებს: ლია ბასილაის, თამარ გვარჯალაძეს, მარიამ ლურსმანაშვილს, ნინო იამანიძეს, მაყვალა ტოროშელიძეს. ასევე, დავით ტატიშვილის კლინიკიდან მოწვეულ ბავშვთა ექიმს, ხათუნა ლოლაძეს“, - აცხადებს ნაზი კუციავა.

„საქართველოს ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ქეთევან გაბრუშვილის თქმით, საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ძველი ქანდის „ქალთა საბჭოს“ ხელმძღვანელს ეკა ბიტკაშს და ძველი ქანდის გამგებელს კოხტა ბადალოვს შეხვდნენ.

„ძველი ქანდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ და ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციამ“ სამომავლოდ არაერთი ღონისძიება დავგეგმეთ. აღსანიშნავია, რომ  ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ სემიტური მოდგმის ხალხი - ასურელები, ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში, რომლებიც ძველი არამეელების შთამომავლებად ითვლებიან. მათ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - აღნიშნა ქეთევან გაბრუშვილმა.

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“, ადგილობრივ ხელისუფლების ჩართულობით, სამომავლოდ დაგეგმა თანამშრომლობა ქანდის ქართულ სკოლასთან. თანამშრომლობა ითვალისწინებს ახალი სასწავლო წლიდან სკოლის წიგნადი ფონდის საჭირო ლიტერატურით შევსებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციებს STEM-საგნებში, როგორც უშუალო კონტაქტით, ასევე ონლაინ რეჟიმში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

28.06.2022


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11