მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის ონლაინ საჯარო მოხსენება - „ევროკავშირის ძირითადი პრობლემები“ გაიმართა

სტუ-ში პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის ონლაინ საჯარო მოხსენება - „ევროკავშირის ძირითადი პრობლემები“ გაიმართა

27-06-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპარლამენტის წევრის, პოლონელი სოციოლოგის, ბრემენისა და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორის, კრაკოვის აკადემია Ignatium-ის საგანგებო პროფესორის, ევრო-პარლამენტში ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის,  ზდისლავ კრასნოდებსკის ონლაინ საჯარო მოხსენება -  „ევროკავშირის ძირითადი პრობლემები“ გაიმართა.

პოლონელი პროფესორის საჯარო მოხსენებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროფესორ კრანოდებსკის ონლაინ საჯარო ლექცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ონლაინ საჯარო ლექცია სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორის  განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ონლაინ საუბრებით“ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში მოღვაწე კოლეგებთან შეხვედრების ტრადიციას აგრძელებს.

„ონლაინ შეხვედრების ფორმატი რამდენიმე წელია დავნერგეთ. უნივერსიტეტში ჩატარდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია. მათ შორის, საქართველსო ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა მნიშვნელოვანი და აქტუალური ონლაინ საუბარი ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგესთან, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ მარკუს გაბრიელთან. ასევე, ამავე ფორმატში შედგა საუბარი პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკისთან, რა დროსაც ჩვენ შევეხეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა: სოლიდარობის საკითხი ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით Covid 19-ით გამოწვეული სირთულეების ჟამს, ევროკავშირის მომავალსა და საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისა, აგრეთვე, მხარდაჭერას მისი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ამჯერად, პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკიმ ამომწურავად ისაუბრა უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორიცაა ევროკავშირის ძირითადი პრობლემები, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ევროპარლამენტის წევრი, ცნობილი პოლონელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ზდისლავ კრასნოდებსკი სხვადასხვა დროს იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კასელის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის სტუმარ-პროფესორი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კულტურის ისტორიის მიმართულებით, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისმცოდნეობის სემინარის ხელმძღვანელი, ბრემენის უნივერსიტეტის პოლონური კულტურის ინტერდისციპლინური მიმართულების ხელმძღვანელი და ვარშავის კარდინალ შტეფან ვიშჩინსკის უნივერსიტეტის პროფესორი. 1995 წლიდან დღემდე ის ბრემენის უნივერსიტეტის სრული პროფესორია, 2011 წლიდან კი - კრაკოვის აკადემია Ignatium-ის  საგანგებო პროფესორი. 2017-2019 წლებში პროფესორი კრასნოდებსკი ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11