მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

22-06-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე კილის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველს ემმა ბონფოლიოს და ბიზნესის სკოლის დირექტორს კოლინ რიგბს შეხვდა.

შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანები, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროგრამის - „კრეატიული ნაპერწკალი“,  ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია და ისაუბრეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუმრებს იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელშიც სტუ-ის როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე, სტუდენტები არიან ჩართულნი.

„უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების წარმატებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, მზადაა თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პროექტებში, ასევე, გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტი 30 წელზე მეტია, რაც სამეწარმეო მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობების მეტად მყარი განვითარებისთვის, კარგი იქნება თუ საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებით გავძლიერდებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით ჩამოყალიბდა ახალი ფაკულტეტი, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და უნივერსიტეტი არათუ მხარს გიჭერთ, არამედ ყველა პროექტში ჩართული იქნება“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორის კოლინ რიგბის განცხადებით, უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს მეწარმეობის და სამეწარმეო განათლების მიმართულებებით მობილობის და გაცვილითი პროგრამების გაძლიერებას.

„ჩვენ მობილობის დიდი ისტორია გვაქვს, ეს ეხება როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს და ის, ძირითადად ფოკუსირებულია მეწარმეობასა და სამეწარმეო განათლებაზე. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გაცვილით პროგრამებს პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ უჭერს მხარს. ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ჩვენ უკვე ვცდილობთ სხვა ტიპის მხარდაჭერა მოვიპოვოთ. დიდი ინტერესით ველოდები სამეწარმეო მიმართულებით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას, როგორც სწავლებაში, ასევე კვლევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უნივერსიტეტი, როგორიც ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, ყველა მიმართულებით ითანამშრომლებს. ეს კი კილის უნივერსიტეტისა და სტუ-ის მდგრადი მომავლის შესაქმნელად წარმატებული, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორმა კოლინ რიგბმა.

კილის უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველმა ემმა ბონფოლიომ აღნიშნა, რომ კილის უნივერსიტეტი მზადაა ორი უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა პროექტზე ერთობლივად იმუშაონ.

„ჩვენ გვქონდა საუბრები იმის შესახებ, რომ კილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით. ეს თანამშრომლობა დაეფუძნება უკვე არსებულ თანამშრომლობას, სტუ-ის ერთი სტუდენტი კილის უნივერსიტეტში უკვე მუშაობს. ვფიქრობ, ასეთი და უფრო ღრმა ურთიერთობები უკეთესი მომავლის გარანტიაა და მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კილის უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველმა ემმა ბონფოლიომ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ სტუმრები ოქტომბრის თვეში დაგეგმილ, სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოიწვია.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11