მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ უკრაინიდან დევნილი ქალბატონებისთვის თელავში ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ უკრაინიდან დევნილი ქალბატონებისთვის თელავში ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს

21-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციისა“ და 100-წლოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში „საზოგადოებრივი გამოცდილებით“ შესული საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით, უკრაინიდან ლტოლვილი ქალბატონები, გამოჩენილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ და  დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი წიგნის - „ლესია უკრაინკას კვალი საქართველოში“,  კახეთში, „ნადიკვარზე“ გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

ღონისძიება საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ „ქალთა ასოციაციის“, „ქალთა საბჭოს“, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და თელავის მერიის ხელმძღვანელი პირები.

სტუ-ის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნაზი კუციავას განცხადებით, ორგანიზაციამ „ქალთა საბჭოსთან“ თანამშრომლობით უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან ლტოლვილებისთვის არაერთი ღონისძიება ჩაატარა.

„ქალთა საბჭომ“ და სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის რამდენიმე საინტერესო და საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება ჩაატარა. დღეს კი კახეთში, კერძოდ, „ნადიკვარზე“ უკრაინელ ქალბატონებთან ერთად ჩამოვედით, რათა პატივი მივაგოთ გამოჩენილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას ხსოვნას. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოში უკრაინის საელჩო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს „ქალთა ასოციაციის“ ინიციატივის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. დღეს ჩვენ უკრაინიდან ლტოლვილი ქალბატონების თვალზე სევდისა და ამავე დროს სიხარულის ცრემლები დავინახეთ მათ მიმართ გამოხატული სითბოსა და სიყვარულის გამო. სწორედ ეს განწყობა გვაძლევს სტიმულს, საქართველოში ჩამოსული ჩვენი უკრაინელი დებისთვის, კიდევ მრავალი ღონისძიება დავგეგმოთ“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ღონისძიებას ესწრებოდა დიპლომატი ტატიანა კოლოტილოვა, რომელმაც „ქალთა საბჭოს“, „ქალთა ასოციაციას“, თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ლტოლვილებისათვის დახმარების აღმოჩენისა და გვერდში დგომისთვის.

„მადლობა იმ სითბოსთვის, იმ სიყვარულისთვის, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა უკრაინიდან ლტოლვილი ქალბატონების მიმართ. დიდი მადლობა იმ დახმარებისათვის, იმ სითბოსთვის, რასაც ისინი ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. „ქალთა საბჭომ“ და „ქალთა ასოციაციამ“ უკრაინელ ბავშვებს არაერთი ლამაზი საღამო აჩუქა, მადლობა თქვენ ამისთვის. ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში უკრაინული ოჯახები მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვიზეიმებთ საერთო მტერზე გამარჯვებას“, - განაცხადა ტატიანა კოლოტილოვამ.

სტუ-ის ინფორმაციით „ქალთა საბჭომ“ და „ქალთა ორგანიზაციამ“, უკრაინელ ქალბატონებთან ერთად პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

„როდესაც უკრაინიდან ლტოლვილ ქალბატონებს ვუთხარით, რომ ლესია უკრაინკას ხსოვნისათვის პატივის მისაგებად კახეთში მოვდიოდით, მათ იკითხეს, იქნებოდა თუ არა შესაძლებლობა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის, ალუდა ზვიადაურის ხსოვნისადმი პატივი მიეგოთ. მოგეხსენებათ, ზვიადაური კახეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა და ალბათ, ახსნას არ საჭიროებს, ის ემოცია, რომელიც ჩვენ გვქონდა, როცა უკრაინელებისგან თანადგომისა და წუხილის გამომხატველი სიტყვები მოვისმინეთ. ის, რომ მათ დეტალურად იციან დაღუპული ქართველების მშობლიური კუთხისა და ოჯახების შესახებ, იმ დიდი სიყვარულის გამოა, რომელიც მათ ქართველი ერის მიმართ აქვთ“, - განაცხადა „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან გაბრუშვილიმა.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“, რომელიც უნივერსიტეტთან ერთად დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, მთელი წლის განმავლობაში ატარებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისათვის. ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც 60-მდე ოჯახს გადასცა ჰუმანიტარული დახმარება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11