მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოჩა ჩოგოვაძე გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოჩა ჩოგოვაძე გარდაიცვალა

13-06-2022

გარდაიცვალა აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი სამძიმარს უცხადებს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახს, მის აღზრდილებს, კოლეგებს.

გოჩა ჩოგოვაძე დაიბადა 1941 წლის 11 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში. 1958 ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი და მოღვაწეობა დაიწყო გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე.

ბატონი გოჩა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მრავალი წელი მოღვაწეობდა. მისი თაოსნობით 1971 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა და ის მის პირველ გამგედ აირჩიეს.

გოჩა ჩოგოვაძემ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში  დაიწყო საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრება, რის შედეგადაც 1990 წლის 5 იანვარს ინსტიტუტმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტატუსი მიიღო. 1990 წლის 14 სექტემბერს კი სამეცნიერო საბჭომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია დაამტკიცა. ამავე პერიოდს უკავშირდება, უნივერსიტეტში საინჟინრო განათლების პარალელურად ჰუმანიტარული სპეციალობების დანერგვა.

გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის, როგორც სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნაში, ასევე გაანგარიშების თეორიასა და პრაქტიკაში. ის მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, კერძოდ - ხელოვნური ინტელექტი. ამ სფეროში მოპოვებული კვლევითი შედეგებიდან აღსანიშნავია რელაციურ დამოკიდებულებათა თეორია, მონაცემთა ბაზის ლოგიკური სქემების ავტომატიზებული დაპროექტება, ინტელექტუალური კომპიუტერული სასწავლო სისტემების დისკრეტული იმიტატორი, გადაწყვეტილებათა მიღების სემიოტური სისტემები, შეტყობინებათა დანაკარგის ალბათობის გამოთვლის მეთოდი, ექსპერტული სისტემების ავტომატიზებული დაპროექტების კონცეპტუალური მეთოდები და სხვა.

გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრაფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ის მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო.

პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს ბატონი გოჩა ჩოგოვაძის ოჯახს!

უფალმა დაუმკვიდროს, სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11