მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის დელეგაცია, რექტორის დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

სტუ-ის დელეგაცია, რექტორის დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

09-06-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, უკრაინაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ასევე, სტუ-ის რექტორს დავით გურგენიძეს უკრაინის ნაციონალური საავიაციო  უნივერსიტეტის რექტორმა მაქსიმ ლუცკიმ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრის უკრაინაში ვიზიტი უკავშირდება, საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ მაქსიმალური მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის ინიციატივას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უკრაინაში სტუ-ის დელეგაცია შეხვდა უკრაინის განათლების მინისტრს, უკრაინაში აკრედიტირებული რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორსა და მეცნიერებს. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპეტივა და დასახეს გეგმა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყო კიდევ ერთი, ერთგვარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ, საქართველოს კულტურის პალატასთან ერთად, ომის დაწყების პირველივე დღიდან გამოვხატავთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს და სტუდენტებისთვის შესაფერისი გარემო იქნას შენარჩუნებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს უკრაინელი ერის სიმამაცეზე. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს და სამეცნიერო საბჭოს, ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში, ჩემთვის საპატიო დოქტორის ხარისხის  მონიჭებისათვის. კოლეგებმა ისარგებლეს შემთხვევით და ვიზიტის ფარგლებში უკვე ოფიციალურად გადმომცეს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კიდევ ერთხელ მადლობა მათ. ეს ძალიან დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი აღაირება ჩვენსა და უკრაინელ კოლეგებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების, იმ მეგობრობის რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის არაერთ უნივერსიტეტს აკავშირებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

უკრაინის განათლების მინისტრმა, სერგეი შკარლოტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც უნივერსიტეტი გამოხატავას საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ჩვენ მეგობარ, პროფესორ დავით გურგენიძესთან. ჩამოვაყალიბეთ უკრაინაში უმაღლესი განათლების ახალი სტრატეგია. ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯი იქნება უკრაინასა   და საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების წარმომადგენლების დიდი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ომის პირობებში უკრაინა ძლიერი პარტნიორების დახმარებით, უფრო ძლიერი იქნება“, - აცხადებს სერგეი შკარლოტმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა საქართველოს კულტურის პალატასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთმა პირველმა გააგზავნა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული ტვირთის ადრესატი ივანო-ფრანკოვსკში მდებარე ვ. სტეფანიკის სახელობის კარპატისპირა ეროვნული უნივერსიტეტია, რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა აკავშირებს. სტუ-მ და საქართველოს კულტურის პალატამ, ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის ჩართულობით, ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. ასევე, სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახე“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საქველმოქმედო სპექტაკლების ციკლი ჩაატარა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11