მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე CERN-ის CMS-კოლაბორაციის ლიდერს, ტიციანო კამპორეზის შეხვდა

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე CERN-ის CMS-კოლაბორაციის ლიდერს, ტიციანო კამპორეზის შეხვდა

08-06-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორ ტიციანო კამპორეზის, შეხვდა.

დავით გურგენიძისა და ტიციანო კამპორეზის შეხვედრის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება არა მხოლოდ CMS-კოლაბორაციის ფარგლებში, რომელიც CERN-ის უდიდეს ამაჩქარებელზე - დიდ ადრონულ კოლაიდერზე რეალიზდება, არამედ, ასევე ფუნდამენტური, გამოყენებითი და ნაწილაკების ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციის მნიშვნელობაზე CERN-სა და KEK-თან, ასევე იმ სამეცნიერო ურთიერთობებზე, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში წამყვან ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გამოჩენილი ფიზიკოსი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, რომელიც წარმოადგენს CERN-ს. მოგეხსენებათ, CERN-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ბირთვული კვლევების ორგანიზაციაა, რომელიც მრავალი მიმართულებით მუშაობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უდიდესი ბირთვული კვლევების ორგანიზაციის კავშირი ჩვენი უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო თანამშრომლობის მომტანი გახდა და საშუალება მოგვცა გაგვეღრმავებინა საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. პროფესორ ტიციანო კამპორეზის დახმარებით, სტუ-ის სტუდენტები CERN-ის კვლევების თანამონაწილეები გახდნენ, რაშიც მათ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაც დაეხმარათ. სწორედ ეს ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი მუშაობს CERN-თან ერთობლივ კვლევებზე. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს, უდიდესი შესაძლებლობები აქვთ და გვინდა, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

რექტორთან შეხვედრისას ტიციანო კამპორეზიმ, ისაუბრა CERN-ის იმ მიღწევებზე, ექსპერიმენტებზე, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მოწვევისათვის.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებს და ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ უნივერსიტეტის მეცნიერები, სტუდენტები არაერთ დიდ პროექტში წარმატებით მოღვაწეობენ. ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა წარმატების შედეგია ის ფაქტი, რომ CMS-ის რუქებზე და CERN-ის მოდერნიზაციის ხელმძღვანელის მოხსენებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ამით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობადობა იზრდება არა მხოლოდ CMS-კოლაბორაციასა და CERN-ში, არამედ საერთაშორისო ჭრილში. ყოველი მსგავსი წარმატებით განხორციელებული პროექტი ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგს და სამომავლოდ, არაერთ პრესტიჟულ მისიასა და ექსპერიმენტში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს აქ მოღვაწე ექსპერტებს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს“, - განაცხადა ტიციანო კამპორეზიმ.

 რექტორთან შეხვედრის შემდეგ ტიციანო კამპორეზიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „დიდი თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტის დიზაინი და ევოლუცია: CMS-ი CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე (Design and evolution of a big science modern experiment: CMS at the CERN Large Hadron Collider). სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტიციანო კამპორეზი შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებსა და CMS-ექსპერიმენტის სტუ-ის ჯგუფს. განიხილება CERN-თან კოლაბორაციაში განხორციელებული სამუშაოები და გაიწერება სამეცნიერო თანამშრომლობის უახლოესი სამოქმედო გეგმა.

იხილეთ ვიდეო:
https://www.imedi.ge/ge/video/99310/cernis-sapatio-doqtori-stushi?fbclid=IwAR2BLyPbN8kixtBnFzWxMnlnx...  


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11