მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

სტუ-ის რექტორი ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

02-06-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სტუ-სა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რექტორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ლიეტუვის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე. იმ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც სტუ-ის აკავშირებს ლიეტუვის რესპუბლიკასთან.

„სიამაყით მინდა განვახადო, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რომლის დასტურია ჩვენს უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის არსებობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აქტიურად მონაწილეობს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც მეგობარი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში. ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. მადლობა მინდა მოვახსენო ლიეტუვას, ჩვენი სტუდენტებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. თქვენთან ისინი სწავლობენ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება და გაღრმავდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტას ადომენასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, სტუ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და მეგობრობისათვის.

„ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გვაკავშირებს ხანგრძლივი და ვიტყოდი, გამორჩეულად კარგი მეგობრობა, რასაც ყოველდღე ვგრძნობთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მიმართ გამოჩენილი ყურადღება. შემთხვევითი არ იყო, როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვას დამოუკიდებლობის დღეს, სახელმწიფო ორდენი - „დამსახურება ლიეტუვასთვის“ - რაინდის ჯვარი გადასცა. ეს არის ჩემი ქვეყნის მხრიდან გამოხატული მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ფუნქციონირება დიდი ხანის წინ გასცდა უნივერსიტეტის კედლებს და მოიცვა რეგიონი, ეს ლიეტუვას რესპუბლიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს განათლება  ლიეტუვაში. ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაამყარებს. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეხება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ აკადემიურ პერსონალსაც. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გელით ლიეტუვაში“, - განაცხადა მანტას ადომენიასმა.

შეხვედრის დასასრულ, ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციამ მოინახულა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისი. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 10 წლის წინ, 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ლიეტუვის განათლების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11