მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, აფხაზეთიდან და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

სტუ-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, აფხაზეთიდან და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

01-06-2022


სტუ-ის ქალთა ასოციაციამ და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა, 100-წლოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში „საზოგადოებრივი გამოცდილებით“ შესულ საქართველოს ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გამართა.

ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა დასახლების ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მიეძღვნა.

ბავშვების წინაშე სპეციალური მუსიკალურ-გასართობი პროგრამით წარსდგნენ საბავშვო მუსიკალური  თეატრი „ჭინჭრაქა“, თეატრალური სტუდია „ათინათი“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ფოლკლორული ანსამბლი  „თორდა“ და საბავშო ვოკალური  

სტუდია „ზღაპრის ქალაქი“.

სტუ-ის პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უნივერსიტეტი და მასთან არსებული ქალთა ასოციაცია ყოველწლიურად აღნიშნავს. რექტორის თქმით, წლევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა.

„მნიშვნელოვანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ბავშვის, მომავალი თაობის უფლება იქნება დაცული. 1950 წელს, როდესაც პირველად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მისი მიზანი იყო მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად. 72 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ გვიწევს ბავშვების ომისა და მისი შედეგებისაგან დაცვაზე საუბარი და ზრუნვა. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს, რომელთა თვალებში სევდანარევი სიხარული იკითხება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ და სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა, საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად, ბავშვებისთვის ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. სამწუხაროა, რომ წელს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებიც შემოუერთდნენ. ყველა ამ ბავშვი და მათ ოჯახებს იძულებით უწევთ ცხოვრება  მშობლიური კუთხიდან მოშორებით  და ეს უმძიმესი პრობლემაა. მთელი გულით ვუსურვებთ მათ, მალე მშობლიურ მხარეში დაბრუნება აღენიშნოთ და მომავალ თაობებს არასოდეს ენახოთ ომი“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის, ქეთევან გაბრუშვილის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სამომავლოდ, არაერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

„ქალთა საბჭომ და სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“, ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის ჩავატარეთ საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც არ არის პირველი და არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ არაერთ ღონისძიებას გავმართავთ და შევეცდებით, მომავალ თაობას, რომელიც იმსახურებს მშვიდობას და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებას, დაუვიწყარი და ფერადი დღეები ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ქეთევან გაბრუაშვილმა.

სტუ-ის ქალთა ასოციაცია, უნივერსიტეტის საიუბილეო  ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს. ორგანიზაცია ახლახან ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც 60-მდე ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

„ჩვენი ორგანიზაცია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტრადიციებს არ ვღალატობთ და დღესაც ვეცადეთ, თბილი შეხვედრა გაგვემართა დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისთვის. წელს 25 ბავშვი მოვიწვიეთ, მათთვის სპეციალური გასართობი პროგრამა ავაწყვეთ, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა ბავშვებისთვის სამახსოვრო საჩუქრები მოამზადა, რომელიც ბავშვებმა სიხარულით მიიღეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ღონისძიებაში მონაწილე შემოქმედებით ჯგუფებს და ანსამბლებს, რომლებმაც ომგამოვლილ ბავშვებს შესანიშნავი კონცერტი მიუძღვნა.  მადლობას ვუხდით მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის ადმინისტრაციას, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ჩვენს ღონისძიებაში და ბავშვებს სხვადასხვა ატრაქციონზე გართობა შესთავაზა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიმართ - ქალთა ასოციაციის მხარდაჭერისთვის და იმ საჩუქრებისთვის, რომელმაც  ბავშვები ასე ძალიან გაახარა“, - განაცხადა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნაზი კუციავამ.

მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოს ქალთა საბჭოსა და სტუ-ის ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და ასევე, დევნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მობილიზებული თანხა ღონისძიებაში მონაწილე დევნილ და ლტოლვილ ბავშვებს გადაეცემათ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11