მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ საქართველოს რეგიონებში ტურნეს მართავს

სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ საქართველოს რეგიონებში ტურნეს მართავს

24-05-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ციკლური ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ საქართველოს რეგიონებში ტურნეს მართავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი თეატრალური ტურნეს ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელსაც წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა, საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ქალაქებს - ქარელს, გორსა და სენაკს სტუმრობდა, სადაც სპექტაკლი „ედელვაისი“ წარადგინა.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, საიუბილეო ფორმატში  სტუდენტური სახალხო თეატრ-სტუდიის ტურნეს ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან „მოდინახეს“ წელს 75 წელი შეუსრულდა.

„საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მართლაც რომ გამორჩეულია თავისი საუნივერსიტეტო თეატრალური ტრადიციებით. ჩვენს თეატრს 75 წელი შეუსრულდა და ამ ხნის მანძილზე არაერთი ღირსშესანიშნავი საღამო აჩუქა საზოგადოებას, სტუდენტებს, თანამშრომლებს. ვფიქრობთ, პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დასი არნახული ენთუზიაზმით შეხვდა ჩვენს წინადადებას საქართველოს რეგიონებში საიუბილეო ტურნეს ჩატარების შესახებ. გაოცებული და ბედნიერი ვართ იმ დიდი წარმატებით, რაც „მოდინახემ“ ქარელში, გორსა და სენაკში გასტროლებისას მაყურებლისგან დაიმსახურა“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუგზარ ბუცხრიკიძის თქმით, საუნივერსიტეტო თეატრის სპექტაკლმა სამივე ქალაქში სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც უდავოდ დიდი მოტივაციაა დასისთვის.

„მოდინახემ“ წარმოადგინა სპექტაკლი „ედელვაისი“. ჩვენი სპექტაკლი-ზღაპარი ქართველმა მაყურებელმა სიყვარულითა და ოვაციით მიიღო. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მთავარი როლის შემსრულებლებმა - გიორგი ჭანტურიამ, გიორგი ანთიძემ, გოგა ბებიამ, ნანი ბარათაშვილმა და მთელმა დასმა არაჩვეულებრივად ითამაშა  და მაყურებელთა გულების დაპყრობა შეძლო. ყველა სპექტაკლი ანშლაგით წარიმართა, მეტიც, სენაკში იმდენად ბევრი აღმოჩნდა სპექტაკლზე დასწრების მსურველი, რომ დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში დამატებით ორი წარმოდგენა ჩავატარეთ. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, როგორც თეტრ-სტუდიისთვის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის“, - აღნიშნავს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სენაკში გასტროლით ჩასულმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასის წევრებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ბიუსტი.

სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ტურნე საქართველოს რეგიონებში გრძელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

20.05.2022


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11