გარდაიცვალა საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი, პედაგოგი და სპორტსმენი, ამერიკის ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ აღიარებული წლის ადამიანი (1997 წ.), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოსი ლეონარდ მძინარიშვილი.
ლეონარდ მძინარიშვილი დაიბადა 1938 წლის 4 იანვარს. 1945 წელს შევიდა და 1956 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 70-ე საშუალო სკოლა. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
1968 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1980 წელს სადოქტორო დისერტაციები.
1964–1986 წწ. მუშაობდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელის თანამდებობებზე.
1986–2007წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე;
2007 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის მიმართულების ხელმძღვანელი.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია: ჩეხის ჰომოლოგიის თეორია, ჰომოლოგიის ალგებრა, ჰომოტოპიის თეორია, უწყვეტი ჰომოლოგია და კოჰომოლოგია, ფიბრაცია და კოჰომოლოგია, შეიპური თეორია.
ბატონი ლეონარდი წლების განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე თავდადებით და ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის სახელოვან ტრადიციებსა და ახალი თაობის პროფესიონალებად აღზრდას. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს ავტორი, იყო სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში და კონფერენციებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მსოფლიო მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესებზე მისი მონაწილეობა, იყო მრავალი საერთაშორისო გრანტის ხელმძღვანელი.
ბატონი ლეონარდი იყო გამოჩენილი ჩოგბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იუნიორთა შორის როგორც წყვილთა, ისე ერთეულთა თანრიგში. თამაშობდა თბილისის ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. იყო საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1960 და 1971 წ.წ.) და საკავშირო აკადემიადების ექვსგზის ჩემპიონი. ა. მეტრეველთან და თ. კაკულიასთან ერთად 1972 წელს მოიგო სსრ კავშირის თასი. გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სტუდენტთა შორის და შერეულ წყვილთა თანრიგში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეონარდ მძინარიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი