მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ინიციატივით ლეგენდარულმა ანსამბლმა „სუხიშვილები“ საქველმოქმედო კონცერტი გამართა

სტუ-ის ინიციატივით ლეგენდარულმა ანსამბლმა „სუხიშვილები“ საქველმოქმედო კონცერტი გამართა

16-05-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით ანსამბლმა - „სუხიშვილები“, საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; მინისტრის პირველი მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე; კანცლერი კარლო კოპალიანი; სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინიტსტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, „სუხიშვილები“ უნივერსიტეტის ინიციატივას დიდი სიამოვნებით გამოეხმაურა.

„სუხიშვილების“ უკრაინისადმი დამოკიდებულება ყველასთვისაა ცნობილი და მე მადლობა მინდა გადავუხადო ანსამბლს, ქალბატონ ნინო სუხიშვილს და ბატონ ილიკო სუხიშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ასევე, უღრმესი მადლობა თბილისის მერს კახა კალაძეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს იმ დიდი თანადგომისთვის, რაც მათ უნივერსიტეტის მიმართ გამოხატეს. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების პირველივე დღიდან ჩაერთო საქველმოქმედო აქციების ციკლში. ჩვენ არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ, ათეულობით ტონა ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში,  კონკრეტულად, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდასაჭერად. „სუხიშვილების“ კონცერტით შემოსული თანხაც, სწორედ ივანო-ფრანკოვსკის უნივერსიტეტის ანგარიშზე გადაირიცხება. ესაა ჩვენი მორიგი მხარდაჭერის აქტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეგობარი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

საქველმოქმედო კონცერტზე მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი უკრაინისა და კონკრეტულად ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების და თანამშრომლების დასახმარებლად,  გამოხატავს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი 25 მარტს გაგზავნეს. ჰუმანიტარული ტვირთის ადრესატი ივანო-ფრანკოვსკში მდებარე ვ. სტეფანიკის სახელობის კარპატისპირა ეროვნული უნივერსიტეტია, რომელთანაც ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა აკავშირებს. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ “მოდინახე”, რამდენიმე საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა. პირველი სპექტაკლი, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, 13 მარტს გაიმართა, 31 მარტს კი მორიგი საქველმოქმედო სპექტაკლი - „თეთრი ბაირაღები“. აპრილის თვიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, თეატრ-სტუდიამ „მოდინახე“ საქართველოს რეგიონებში კახეთიდან გასტროლები დაიწყო.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11