მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში უკრაინელი ხალხისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რა ენა წახდეს“ ჩატარდა

სტუ-ში უკრაინელი ხალხისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რა ენა წახდეს“ ჩატარდა

06-05-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება „რა ენა წახდეს“. ღონისძიება გაგრძელებაა ციკლისა, რომელიც სტუ-მ 14 აპრილს, დედაენის დღეს დაიწყო.ღონისძიება შერეულ ფორმატში ქართულ-ირლანდიური ცენტრისა და სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მიეძღვნა გმირ უკრაინელ ხალხს.

ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ: სტუ-ის სტუდენტები; ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები; საზოგადო მოღვაწეები. ასევე,  საქართველოს ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს დიასპორის ხელმძღვანელი ირლანდიაში ლელა შურუპოვა, გაერთიანებული სამეფოს ლონდონის პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ლია ჯიქია, ლონდონსა და ათლონში მცხოვრები ქართველი პოეტები ხათუნა შავგულიძე და გიული ჩქარეული, გახსნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

რექტორი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს, ხაზი გაუსვა ენის, როგორც ერის იდენტობის მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა ირლანდიაში საქართველოს ელჩსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, იმ დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ იჩენენ.

„მსოფლიოში 3 ათასამდე ენა არსებობს, მაგრამ მხოლოდ 14 დამწერლობაა და ქართული ანბანი ამ სიაში ჩინურის, ბერძნულის, ლათინურისა და ებრაულის შემდეგ მეხუთეა. ეს არის ძალიან საამაყო და ემოვიურად დატვირთული, მით უფრო, როცა ჩვენი დამწერლობის, კულტურის შესახებ სხვა ერის წარმომადგენლები საუბრობენ და ამ სიამაყეს ყველაზე მეტად თქვენ, სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები განიცდით. დღეს ჩვენთან არის ქალბატონი ნანა შალამბერიძე, რომელმაც არაერთი საინტერესო გამოცემა წარმოადგინა. ვფიქრობ, თქვენ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტობავ და ჩვენო საამაყო თაობავ, დაგაინტერესებთ ეს გამოცემები და რაც მთავარია, სამომავლოდ გამოიყენებთ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ღონისძიებაზე ენის დაცვაზე, სიწმინდესა და შენარჩუნებაზე ისაუბრებრეს მოწვეულმა სტუმტრებმა ერეკლე საღლიანმა, სოსო სიგუამ, გური ოტობაიამ და სხვებმა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს ირნალდიაში მცხოვრებმა ქართველმა პოეტებმა. ირლანდიიდან ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთო ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბაშვილი.

„მისასალმებელია, რომ ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკურმა  უნივერსიტეტმა ქართული ენის დაცვის თემას არაერთი ღონისძიება მიუძღვნა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ირლანდიაში მოღვაწე საზოგადო მოღვაწეების ჩართულობით მიმდინარეობს შეხვედრა, რომელმაც, როგორც ვხედავ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დრევანდელი დღე ორმაგად დატვირთულია, ის ქართული ენის დაცვას და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას გამოხატავს, მადლობა ამ დღისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

ღონისძიების დასასრულ, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ხელმძრვანელმა ნანა შალამბერიძემ წარადგენა ახალ წიგნები - „ქართულ-ირლანდიური და ირლანდიურ-ქართული სასაუბრო“, „ქართულ - უკრაინული და უკრაინულ-ქართული სასაუბრო“, რომელიც მომზადდა პროექტის - "ილაპარაკე ქართულად" ფარგლებში და ეძღვნება უკრაინელ ხალხს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11