მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ლექციებს კითხულობენ

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ლექციებს კითხულობენ

04-05-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა უდო ბეკერმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

გერმანიის განვითარების საერთაშორისო საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე წელია ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ორ მიმართულებას - სასწავლო პროცესს და სატრანსპორტო კვლევებს, მოიცავს. პროგრამა გვთავაზობს გამოცდილების გაზიარებას გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომლის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების მიწოდება ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ურბანული სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარებისათვის.

უდო ბეკერი სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 15 ლექციას წაიკითხავს.

„უდო ბეკერი არის, ტრანსპორტის სფეროში, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი და კონსულტაციას უწევს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი მალე 200 წლის ხდება და არის სატრანსპორტო სფეროში უდიდესი ტრადიციების მქონე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები დაეუფლებიან ცოდნას, რომელიც ამ უნივერსიტეტშია დაგროვილი. ვგეგმავთ, ბეკერის ლექციების მასალების ბაზაზე, ქართველი და გერმანელი მეცნიერების თანაავტორობით, გამოვცეთ სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენს საბაკალავრო პროგრამას გააუმჯობესებს. შესაბამისად სილაბუსებში შევა კორექტირება“, - აცხადებს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად აწარმოებენ სატრანსპორტო მობილობის კვლევებს.

„საკითხი  ეხება ადამიანთა ქცევას, მობილობას ქალაქის პირობებში. ჩვენ ვიკვლევთ ქალაქის მოსახლეობას, მოვიცავთ თბილისის ათივე რაიონს და მოხდება სატრანსპორტო კვლევები, რომლის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურისთვის“ - აცხადებს უდო ბეკერი.

კვლევებში მონაწილებს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები. ოცმა სტუდენტმა სატრანსპორტო კვლევების მიმართულებით გაიარა ტრენინგი და უკვე საპილოტე კვლევებიც ჩაატარა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16-17 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი ნაკადი ესტუმრება, რომლებიც სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების კურსს გამართავენ, მაისის ბოლოდან კი, სამი კვირის განმავლობაში შესაბამისი კვლევები ჩატარდება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11