სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
სტუ-ის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ლუკა მაისურაძეს ულოცავენ ამ დიდ წარმატებას - ევროპის ჩემპიონობას და მისგან მომავალშიც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას ელიან.
„ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს, ლუკა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონობას. საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსურვებ მორიგ არაერთ გამარჯვებას, წინსვლას, როგორც სპორტულ, ასვე პროფესიულ საქმიანობაში.
ლუკასთვის ეს არ არის პირველი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება, დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის სპორტულ კარიერას კიდევ არაერთ ჯილდოს შემატებს და ასევე, არჩეულ პროფესიაში დიდ წარმატებებს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს, რათა ავაღორძინოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ვიზრუნოთ სტუდენტთა ჩართულობაზე სპორტულ აქტივობებში. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ჩვენს სტუდენტებს.
ხელშეწყობა პირველ რიგში ითვალისწინებს მოქნილ სასწავლო გრაფიკს და ინდივიდუალურ შეღავათებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლუკას დიდ წარმატებას“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.
ინფორმაციისთვის, სოფიაში ჩატარებულ ევროპირველობაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 24 წლის მოჭიდავე ლუკა მაისურაძემ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო.