მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“ ჩატარდა

02-05-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით,  ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“, ჩატარდა.

ოთხი სექციისგან შემდგარი კონფერენციის ორგანიზატორები არიან: რუსუდან ქუთათელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი , ბაირაქთუთან საფფეტ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; კოლმანი დორის - ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი.

კონფერენციაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი თემა, კერძოდ: თანამედროვე გლობალურ სამყაროში არსებული გამოწვევები; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები; სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მსოფლიოში და რეგიონული სოციალური პოლიტიკა; საჯარო მმართველობის შეზღუდვის საკითხები საკონსტიტუციო კონტროლის საშუალებით; უმაღლესი განათლების  ახალი აკადემიური ღირებულებები და სტრატეგიული განვითარების  პერსპექტივები; აგრეთვე, უმაღლესი განათლების ნაციონალური სპეციფიკის გამოწვევები, ინკლუზიური განათლების შესაძლებლობები სკოლაში და ა.შ.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უფრო,  დღეს, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევევების წინაშე დგას. ორი წლის წინ ეკონომიკის მიმართულებამ კოვიდპანდემიის გამო მიიღო ძლიერი დარტყმა, რაც გააგრძალა ომმა, რომელიც ჩვენს მოძმე ქვეყანაში მეორე თვეა მიმდინარეობს. ვფიქრობ, საკითხები, რომლელიც კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს, დროულია და სწორედ, რომ მკვლევრებმა უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც დღეს ასე აწუხებს კაცობრიობას“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბაირაქთუთან საფფეტი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით საერთაშორისო კონფერენციაბის მნიშვნელობაზე: „მივესალმები საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, ასთი ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, ისე უნივერსიტეტების კოლაბორაციისა და ინტერნაციონალზაციის განვითარების მიზნით“, - განაცხადა ბაირაქთუთან საფფეტმა.

კონფერენციამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკონომიკური გამოწვევების პრობლემატიკას თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ტრენდების გათვალისწინებით. დაწვრილებით იქნა გაანალიზებული კოვიდ-პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის  გავლენა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ისე კონკრეტულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე ისეთი საყოველთაო გამოწვევები, როგორიცაა, შიმშილი თანამედროვე მსოფლიოში, ბავშვებზე ზრუნვა, მცირე ქვეყნების როლი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების საქმეში, შშმ პირთა პრობლემატიკა, ფულის გათეთრება, ტერორიზმი და სხვ.

ცნობისთვის, კონფერენციაზე განხილული თემები მონოგრაფიის სახით გამოიცემა. ნაშრომში შემუშავებული რეკომენდაციები კი სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური  გლობალური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული  აკადემიური წრეების, პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11