მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქპატენტში - სტუ-ის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქპატენტში - სტუ-ის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

27-04-2022


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქპატენტში  ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს და საზეიმო ვითარებაში „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“  20 საათიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

"საუნივერსიტეტო სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შევისწავლეთ საგანი ინტელექტუალური სამართლის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი თამაზ ურთმელიძე. სწორედ მისი  ინიციატივით და ასევე სტუდენტების დიდი სურვილით, საქპატენტის სასწავლო ცენტრს დავუკავშირდით, სადაც 20 საათიან სალექციო კურსში მონაწილეობა მივიღეთ.  კურსის განსახილველ თემებს წარმოადგენდა: დიზაინები, პატენტები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, საავტორო უფლებები,  საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის ფუნქციონირების სპეციფიკა და საჩივრის განხილვის თავისებურებები, საბაჟო რეგისტრაციის მიზანი და თავისებურებები და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა. სწორედ ამ სასწავლო კურსმა განაპირობა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული ასპექტების შესწავლა, ვინაიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, თუ რა კრიტერიუმებით ხდება გადაწყვეტილებების გამოტანა სხვადასხვა ობიექტზე, რა მნიშვნელობა გააჩნია თითოეული ობიექტის რეგისტრაციას, რა უპირატესობები ენიჭება მის მფლობელ პირს და დაცვის რა მექანიზმები არსებობს მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში. გარდა ამისა,  სტუდენტებს საშუალება მოგვეცა, საქპატენტის ოფისის ცალკეული დეპარტამენტები დაგვეთვალიერებინა და  გვენახა ინტელექტუალური საკუთრების თითოეული ობიექტის პრაქტიკული განხილვის პროცედურები" - ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ელენე ჩიჩოელი.


აღსანიშნავია, რომ  საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ  საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უწყების მუშაობის სპეციფიკას,  შეხვედროდნენ დარგის სპეციალისტებს, პატენტრწმუნებულებს, საქპატენტის პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს და საჯარო სექტორის ხელმძღვანელ პირებს, კერძოდ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მენეჯმენტის წარმომადგენლებს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ, უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე რა სახით დაეხმარება მათ თავიანთი მიზნების მიღწევაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ინსტრუმენტები, კერძოდ, სასაქონლო ნიშნები, დიზაინზე უფლებები, საავტორო უფლებები, პატენტები, მცენარეთა ჯიშებზე უფლებები, გეოგრაფიული აღნიშვნები“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა.

ასევე, ღონისძიებაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სადოევმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარემ  თამაზ შილაკაძემ და პატენტრწმუნებულთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი თაქთაქიშვილმა. 

 როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის ფარგლებში აღიარებულია ახალგაზრდა ადამიანების ჩართვა ინოვაციების განვითარებაში. მისივე თქმით, ამ მხრივ საქპატენტში გამართული ღონისძიება თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისთვის, რომ სტუ-ის სტუდენტებს საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ.

გასიტაშვილის განცხადებით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ ინტელექტუალური სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელს თამაზ ურთმელიძეს მადლობას უხდის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სტუდენტების  განათლებისთვის, სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია, რომ სტუ-ის სტუდენტებმა საქპატენტის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

" იმისათვის რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება დაცული იყოს,  შესაბამისად რეგისტრირებული უნდა იყოს სათანადო პატენტი. თუ ვინმე შეეცდება ინტელექტუალური საკუთრების მოპარვას ან მისაკუთრებას, სასამართლო როგორც საკუთრების დამრღვევს კანონის შესაბამისად  დასჯის. ასეთი ფორმა მსოფლიოში განვითარებულია, არსებობს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოები, სადაც მონაწილეობას ღებულობს  საქართველოს არაერთი მოქალაქე, მათ შორის არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრება პატენტის სახით აქვთ დარეგისტრირებული. ასეთები არიან: საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის პროფესორი,  საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე; სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი ლევან იმნაიშვილი; სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე. გარდა ამისა, არაერთი მკვლევარია, რომელსაც გააჩნია ევროპატენტი, კერძოდ, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი რაულ თურმანიძე, ასევე სტუ-ის თვითდაფინანსების ცენტრის თანამშრომელი თენგიზ ჯალიაშვილი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქპატენტის სალექციო კურსი მომავალში,  ჩვენი  სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს" - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილმა.


2022 წელს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის ფარგლებში აღიარებულია ახალგაზრდა ადამიანების უდიდესი პოტენციალი ახალი და უკეთესი გადაწყვეტილებების ძიების პროცესში, რაც ხელს უწყობს მდგრადი მომავლისაკენ გადასვლას. მსოფლიო დღის თემაა „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა: ინოვაცია უკეთესი მომავლისათვის“ , რომლის ფარგლები მსოფლიოს ყურადღება გამახვილებულია ინოვაციებსა და შემოქმედებაზე, რომელთა მამოძრავებელი ძალაც არის ახალგაზრდობა. ამ თარიღთანაა დაკავშირებული, 1970 წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის ძალაში შესვლა. აღნიშნულ დღეს, ყველას ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს, თუ რა წვლილი შეაქვს ინტელექტუალურ საკუთრებას მუსიკის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებას.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11