მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვეს

18-04-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. საგაზაფხულო სემესტრის მანძილზე საგანმანათლებლო ფონდისგან მათ ყოველთვიური სტიპენდია გადაეცემათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - დავით კუჭუხიძე; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - გიორგი გოგავა; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - მედეა წიქარიშვილი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ წარმატებულ საინჟინრო  უმაღლეს საგანმანათლებლო სკოლად. ჩვენი სტუდენტების მიერ დღეს მოპოვებული სტიპენდია, არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, ესაა მოტივაცია უკეთ ისწავლონ და აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში. მინდა წარმატება ვუსურვო მათ“, - განაცხადა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ნინო იმნაძემ.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულ 16 სტიპენდიანტ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „მოქსიში“ შეხვდნენ და ჯილდოები გადასცეს.

ფონდის წარმომადგენლები სტიპენდიანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას სასტიპენდიო პროგრამის მიზნებზე, მნიშვნელობასა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ.

სტიპენდიანტთა დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო იმნაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„ეს მოულოდნელი ახალი ამბავია ჩვენთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს. სასიხარულოა, როცა შენს შრომას ამჩნევენ, აფასებენ და ორმაგად სასიხარულოა, როცა მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდიას გინიშნავენ. წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება მოტივაცია, როცა იგებ, რომ საქართველოს მასშტაბით 16 საუკეთესო სტუდენტს შორის ერთ-ერთი ხარ. კარგად თუ დაფიქრდები, იმასაც მიხვდები, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. თუმცა ვფიქრობ, ასეთ მხარდაჭერას სტუდენტის მხრიდან დიდი პასუხისმგებლობაც უნდა დახვდეს“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა, სტიპენდიანტმა გიორგი გოგავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11