მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში უცხოელი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების სტუდენტებისათვის კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში უცხოელი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების სტუდენტებისათვის კონკურსი ჩატარდა

14-04-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ორგანიზებით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის - დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, სტუ-ის უცხოელი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების სტუდენტებისათვის ჩაატარა ესეების კონკურსი - „ჩემი უნივერსიტეტი 100 წლისაა“, ასევე, კალიგრაფისტთა კონკურსი და მხატვრული კითხვის კონკურსი.

ღონისძიება გახსნა და კონკურსანტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

რექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიაში 14 აპრილის მნიშვნელობას და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა ქართული ენის შესწავლისა და სიყვარულისთვის.

„14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და საკუთარი იდენტობა, რითაც გააძლიერა სწრაფვა, ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ არნახულად ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნულ მოძრაობასაც.

დღეს ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა მყარი ფუნდამენტია ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოს აღმავლობისთვის. ქართველი ერი ვამაყობთ ჩვენი ენითა და უნიკალური ანბანით, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ცივილიზაციაში.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქისთვის დღეს ყოველგვარი პირობაა შექმნილი ქართული ენის შესასწავლად. მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს, თავიანთი ენისა და კულტურის პარალელურად, შესაძლებლობა აქვთ საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ამით სრულყოფილად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით და მაღალ დონეზე ფუნქციონირებს ქართული ენის მომზადების პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული სტუდენტებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი დაუბრკოლებლად აგრძელებენ სწავლას ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“, რომელიც ენობრივ ტექნოლოგიებზეა აქცენტირებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ- მეცნიერებათა ფაკულტეტის 100-ზე მეტმა სტუდენტმა. წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის გამოირჩეოდა ქართულ ენაში მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის, სევჯან ქარიმოვას ნამუშევარი.

„მეცხრე კლასამდე ვისწავლე ქართულ სექტორში, მაგრამ კარგად არ ვიცოდი ქართული ენა. ამ მიმართულებით საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე. 14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის შევეცადე წარმომედგინა ჩემი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ხაზს გაუსვამდა, როგორც ჩემს დამოკიდებულებას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენის, ასევე ჩემი უნივერსიტეტის მიმართ, რამეთუ სწორედ, ამ უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა შემესწავლა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ენა და ლიტერატურა სიღრმისეულად. მადლობა უნივერსიტეტს ამისათვის და აქვე აღვნიშნავ, რომ სწავლის გაგრძელებას სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ვაპირებ“, - აღნიშნა სევჯან ქარიმოვამ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11