საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის - დედაენის დღისადმი მიძღვნილი სემინარი - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) მიზნები და ამოცანები“, გაიმართა. ღონისძიება სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების ორგანიზებით ჩატარდა.
სემინარზე მოხსენებით წარსდგა ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-სთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფხალაძე.
კონსტანტინე ფხალაძემ ისაუბრა ენობრივ ტექნოლოგიებზე, შეეხო ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის საკითხებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისაგან დაცვის მიზნით, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს და სამომავლოდ დაგეგმილია სასწავლო-სამეცნიერო პროცესების ფარგლებში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლის სექტემბრიდან დაფუძნდება და ამოქმედდება სამსაფეხურიანი (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა „ციფრული ჰუმანიტარია და გამოთვლითი ლინგვისტიკა. ასევე, დაგეგმილია ყოველწლიურად, 14 აპრილს, ქართული ენის დღეს და 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს ჩატარდეს ღია სასემინარო დღეები „საქართველოს სახელმწიფო ენები ციფრულ ეპოქაში: კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“. ამას გარდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაფუძნდება და 2023 წლიდან წელიწადში ორჯერ გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ლოგიკა, ენა, ხელოვნული ინტელექტი“. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023 წელს ჩატარდება თბილისის პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ლოგიკა, ენა, ხელოვნული ინტელექტი“- აღნიშნა კონსტანტინე ფხალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლის იუბილეს ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ციკლური ღონისძიებები ჩატარდა.