მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

9 აპრილი

09-04-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.

„დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი! 33 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, როცა საბჭოთა ჯარი თბილისში შემოიჭრა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მრავალათასიან მშვიდობიან დემონსტრაციას სასტიკად გაუსწორდა - ნიჩბებით აჩეხა, ტანკებით გადაუარა, ქიმიური იარაღი გამოიყენა... 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი - ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ. მარადიული ხსოვნა გმირებს!

დიახ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი, ნიშნად იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ის უთუოდ გამარჯვებით დასრულდება, სამართლიანობა უთუოდ იზეიმებს. უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მშვიდობიანობის ჟამსაც არ უნდა შეწყდეს - აგრესიას მუდმივად უნდა ვებრძოდეთ განათლებით, მეცნიერებით, პროგრესითა და აღმშენებლობით. დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11