მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინკლუზიური პროფესიული განათლების კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინკლუზიური პროფესიული განათლების კონფერენცია ჩატარდა

06-04-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში ინკლუზიური პროფესიული განათლების გუნდმა კონფერენცია ჩაატარა.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინკლუზიური პროფესიული განათლების სტუდენტები და სტუ-ის აკადემიური პერსონალი.

„ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე იყო. აპრილის თვე კი ინკლუზიურ განათლებას ეთმობა. ამ ღონისძიებათა ციკლში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების გუნდი ჩართულია. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, დღეს კონფერენცია ინკლუზიურ პროფესიულ განათლებას ეძღვნება. ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ყველასთვის, იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური მახასიათებლები გააჩნიათ. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების დახმარებით კარგ განათლებას აძლევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს“, - აცხადებს სტუ-ის ინკლუზიური განათლების გუნდის წარმოამდგენელი თამუნა მახარაშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 წლიდან ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთა ჩარიცხვა. სტუ-მ პირველი ნაკადი 2014 წელს მიიღო. დღემდე აქ 27-მა სტუდენტმა მიიღო განათლება.

„დავამთავრე უსინათლოთა 202-ე საშუალო სკოლა, სადაც ხათუნა გოგიძემ მასწავლა ჩემთვის აუცილებელი პროგრამები. რა თქმა უნდა ეს არ იყო ადვილი, მითუმეტეს, რომ არ გვქონდა ქართული ხმოვანი პროგრამა და ვსაწვლობდით რუსული ან ინგლისური პროგრამებით. პროგრამისტმა ბექა გოზალიშვილმა ქართული მხარდაჭერა გაუკეთა ხმოვან პროგრამას და მას შემდეგ მეც ვსწავლობ, სხვებსაც ვასწავლი. სხვადასხვა დროს ვასწავლიდი შშმ და სსსმ პირებს. მე ვარ პროგრამების პედაგოგი და ვასწავლი სტუდენტ მარიამ ფუტკარაძეს. გასაგები მიზეზების გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ძირითადად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მინდა გითხრათ, რომ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი.  რაც მთავარია, აქ თბილი გარემოა და ჩემს საქმეში დიდი ხელშეწყობა მაქვს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი შედეგის მისაღწევად“, - აცხადებს ზაზა მარტიაშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებთ ისწავლება საოფისე საქმე, ხის მხატვრული დამუშავება, სამკერვალო წარმოება, გრაფიკული დიზაინი, ფეხსაცმლისა და ტყავის დიზაინი, საბაჟო საქმე. 2021-22 სასწავლო წელს სტუ-ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობს 6 სტუდენტი, მათ შორის, 4 სკოლის მოსწავლეა.

სასკოლო, საუნივერსიტეტო განათლება მივიღე ჩვეულებრივ. 6 წლის წინ დავკარგე მხედველობა, ამ პროგრამაში კი ჩავერთე ნოემბრიდან. აქამდე არ ვიცოდი მსგავსი პროგრამის არსებობის შესახებ. გადავწყვიტე მესწავლა კომპიუტერული პროგრამები. აქ არაჩვეულებრივი გარემოა, ძალიან მადლიერი ვარ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ მყავს ძალიან კარგი პედაგოგი. სამომავლოდ ვაპირებ უცხოენის სწავლას და სპეციალობით დასაქმებას“, -  განაცხადა სტუდენტმა მარიამ ფუტკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11