მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

31-03-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის - „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიპლომატიური კორპუსიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

„31 მარტს, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს დღეს, სრულიად საქართველოში, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, საქართველოს საინჟინრო სკოლის ასწლოვანი უნივერსიტეტის კედლებში ჩვენთან ერთად შეიკრიბეთ ადამიანები, რომლებმაც თითო აგური დადეთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენთან შედგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის - „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, პრეზენტაცია, რომელიც არა მარტო თეორიული, არამედ, პრაქტიკული ღირებულების მატარებელია და აჩენს შესაძლებლობას სხვა ერებთან, ქვეყნებთან მშვიდობიანი თანაარსებობით სასურველისკენ შევცვალოთ არსებული მოცემულობა და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს მომავალი“ - განაცხადა დავით გურგენიძემ.

პრეზენტაციას უძღვებოდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნუგზარ რუხაძე:

„მშვიდობის ქართული პარადიგმა“ არის ნაშრომი, რომელიც გადის ჰუმანიზმზე დაფუძნებულ საყოველთაო ღირებულებებზე: განათლებაზე, მეცნიერებაზე და ახალგაზრდობაზე. ბატონი ზურაბის მიერ შემოთავაზებული იდეა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ არის ახალი სიტყვა ქვეყანაში კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საკითხებში, რომელიც თითოეული პოლიტიკოსისთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს“, - განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.

ნაშრომმა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ დამსწრე საზოგადოებაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ავტორს არაერთი აქტუალური შეკითხვა დაუსვეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით: „ნაშრომის მიზანია,  მიმოვიხილოთ ახალ ცოდნაზე დაფუძნებული ჩვენეული არასტანდარტული ხედვა და მტკიცე სახელმწიფოებრივი პოზიცია. მკითხველის სამსჯავროზე გზამკვლევად გამოვიტანოთ საკითხი: როგორ გამოიხატება ფორმირებად გლობალურ სივრცეში უნივერსიტეტისა და დიპლომატიის, ამ ორი მცნების სინერგიაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ დაფუძნებული იდეის არსი და სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სივცედ ფორმირების მნიშვნელობა. რა ღირებულებებსა და ფასეულობებს ემყარება შემოთავაზებული მიდგომები, როგორ უწყობს ხელს როგორც საზოგადოებრივ, ისე კულტურათაშორის ურთიერთობათა გაღრმავება-განვითარებას, კონფლიქტში მონაწილე მხარეთა პრაქტიკული სარგებლის მიღებით, გარემომცველი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას“.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11