მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მსოფლიო ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

30-03-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა გლობალური ინოვაციების მრჩეველი პიტერ ლინდჰოლმი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის სამომავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები მეცნიერების ბიზნესში ტრანსფერის შესახებ.

 „ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, მითუფრო, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ამბიცია ერთ-ერთი პირველი იყოს ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. საპილოტე პროექტმა კარგად იმუშავა და მისასალმებელია გადაწყვეტილება მუდმივმოქმედი ცენტრის შექმნის შესახებ. მეცნიერი დაკავებული უნდა იყოს თავისი საქმიანობით და მისი ნამუშევრის კომერციალიზაციაზე ფიქრში არ უნდა დაკარგოს დრო, რომელიც შემოქმედებისთვის სჭირდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში მოღვაწეობენ, აქტიურად ითანამშრომლებენ ცენტრთან“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელებიც ბაზრის საჭიროებებს პასუხობენ. პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.

პროექტის ფარგლებში შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები, კერძოდ, პროექტები, რომლებიც არის ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომერციალიზაციის გეგმებიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, მათ ინდუსტრიულ პარტნიორებთან წარსადგენად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიების შესწავლას ბიზნესის, ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში, 13 პროექტი გადავიდა. აღნიშნული 13 პროექტიდან შერჩეულ იქნა კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია, მათი განვითარებისთვის კი შემუშავდა კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები, რომელთა შესაბამისად, თითოეულ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან ტექნოლოგიის ლიცენზირების ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით. პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: AIRBUS, Airbus Helicopters, Naval Group, CAOSA, MMC და სხვა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11