ცნობილ მათემატიკოსსა და მექანიკოსს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს ნოდარ მახვილაძეს 29 მარტს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.
ნოდარ მახვილაძე დაიბადა თბილისში. 1950 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის რკინიგზის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1955 წელს სპეციალობით – მათემატიკოსი.
1955–1959 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე ასისტენტად. 1959 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის) თეორიული მექანიკის კათედრაზე და გაიარა გზა ასისტენტობიდან პროფესორის თანამდებობამდე.
1974 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
1970–2006 წლებში იყო თეორიული მექანიკის კათედრაზე არსებული მეთოდური კომისიის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან – საქართველოს მექანიკოსთა კავშირთან არსებული პროფ. ა. გორგიძის სახელობის სამეცნიერო-მეთოდური სემინარის სწავლული მდივანი. ბატონმა ნოდარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდობის აღზრდაში.
ბატონი ნოდარი იყო მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი და რედაქტორი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი (2006–2009 წწ.), მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერების ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი (2014 წ-დან).
აქტიურად მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა ეხებოდა დრეკადობის მათემატიკური თეორიას. ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 15 სახელმძღვანელოს, ამოცანათა კრებულისა და მეთოდური სახელმძღვანელოსი თეორიულ მექანიკაში.
ნ. მახვილაძე პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად იკვლევდა მათემატიკური მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხებს, რომელთაც მიუძღვნა 11 მონოგრაფია.
2008 წელს იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ ნ. მახვილაძე დაჯილდოებულია საზოგადოების პრემიითა და მედლით – „მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2012 წელს დაჯილდოვდა საპატიო დიპლომით.
ნოდარ მახვილაძე გარდაიცვალა 2022 წელს.
ბატონი ნოდარის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისა და აღზრდილების მეხსიერებაში.