მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

23-03-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება სტუ-ის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის, სამთო-გეოლოგიური და სამშენებლო ფაკულტეტისა და საერთაშორისო ჰიდროგეოლოგთა ასოციაციის საქართველოს ეროვნული ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ: დავით გურგენიძე, სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოსა და მსოფლიოში წყლის რესურსების მართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები. ისაუბრასაქართველოში წყლის რესურსების დაზოგვის და მოფრთხილებისთვის განსახორციელებელ აუცილებელ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მტკნარი და მინერალური წყლების ჩამოსხმის თანამედროვე მდგომარეობაზე.

„მოხარული ვარ, რომ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები. ამ თაობამ უნდა გააგრძელოს იმ მეცნიერთა კვლევები, რომლებიც მრავალი წელია არსებული პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, რაც არსებული ვითარების ფონზე, არც თუ ისე მარტივია. წყლის რესურსების დაბინძურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის მეტ-ნაკლები პრობლემაა. ამ რესურსებიდან ერთ-ერთის, სასმელი წყლის დეფიციტი, მწვავედ დგას მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში. მეცნიერები მუშაობენ ისეთი ინსტრუმენტების შემნაზე, ერთ-ერთია მოხმარებული წყლის ხელმეორედ გამოყენების, ანუ რეციკლირების ტექნოლოგიების შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხმარებული წყალი სრულიად გაწმენდილი სახით, უვნებლად დაუბრუნდეს დედა-ბუნებას, ან შესაძლებელი გახდეს მისი ხელახლა გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ეს კი ხელს უწყობს ჰიდრორესურსების რაციონალურად და მეტად ეფექტიან მოხმარებას. მისასალმებელია, რომ ამ კუთხით დარგის სპეციალისტები, ჩვენი აკადემიური პერსონალი და შესაბამისად, სტუდენტები ჩართულნი არიან კვლევებში“ - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ჰიდროგეოლოგთა ეროვნული ჯგუფი გაერთიანდა ჰიდროგეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციაში. ასოციაციას ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი მარინე მარდაშოვა.

«მეცნიერთა პროგნოზი კატეგორიულია: თუ ჩვენ დღესვე არ ვისწავლეთ წყლის თითოეული წვეთის ფასის დათვლა, მომდევნო 20 – 25 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობის 8 მილიარდი ადამიანი მწვავე “წყლის კრიზისის” პირობებში აღმოჩნდება. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით მარტო მიწისქვეშა მტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსი 570 მ3/წმ შეადგენს. ეს დიდი მარაგია, რომლის გონივრულმა გამოყენებამ ახლო მომავალში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა უნდა უზრუნველყოს. ჩვენმა სპეციალისტებმა იციან ამ სიმდიდრის ფასი და მისი რაციონალურად გამოყენების გზები. საქართველოში ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სკოლის დამაარსებლის, გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ იოსებ ბუაჩიძის კეთილშობილურ საქმეს დღეს მისი მოწაფეები აგრძელებენ“ - აღნიშნა მარინე მარდაშოვამ.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11