მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციების ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციების ციკლი დაიწყო

16-03-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ “მოდინახე” საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

სპექტაკლში - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რომლის რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძეა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები მონაწილეობენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელმაც საშუალება მოგვცა უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა გამოგვეხატა, გვეჩვენებინა მოძმე ერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან გაჭირვების ჟამს. მოხარული ვარ, რომ თეატრს მიეცა საშუალება ჩართულიყო საქველმოქმედო ღონისძიებების უწყვეტ ციკლში, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს. ორმაგად დატვირთული და ემოციებით სავსე დღე იყო, პირველ რიგში, საქველმოქმედო ფორმატის გამო და მეორე, სპექტაკლი ორი წლის წინ დავდგით, თუმცა, პანდემიამ მისი ჩვენება შეაფერხა. დღეს კი, ამ სირთულის მიუხედავად, შევძელით დარბაზი სავსე ყოფილიყო,  შევძელით მაყურებელი გაგვეერთიანებია უკრაინისა და საქართველოსთვის. მშვიდობა მათ და ჩვენ!“ - განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა, სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელმა გიორგი ჭანტურიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურის პალატა ერთობლივ საქველმოქმედო აქციას - „მე, შენ, ჩვენ - ერთად სიცოცხლისათვის, ერთად უკრაინისთვის“, ატარებს. ამ აქციის ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებალად ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მიმდინარეობს.  სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, უნივერსიტეტისა და კულტურის პალატის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები. დახმარების მიზნით, ასევე, მობილიზებულია სპეცანგარიში, რომელზეც თანხის გადარიცხვა, ასევე ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლემბაც გამოვიარეთ ომის საშინელება, იმ პერიოდში განცდილითა და გადატანილით გვტკივა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - სოლიდარობა მათ! საქართველოს ტექნიკური უნივერსირტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო. სპექტაკლში მონაწილე სტუდენტები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შემოსულ თანხებს უკრაინელების დახმარების ფონდში გადარიცხავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტუდენტები ამით თავის წვლილს შეიტანენ - უკრაინელებისთვის, უკრაინისთვის! გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამ ტონაზე მეტი ტვირთი შეაგროვა, რომელიც ძალიან მალე გაიგზავნება უკრაინაში“, - აცხადებს სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ოქიტაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის დავით ლეშკაშელის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავაც გააგრძელებენ უკრაინელთა დახმარების ფონდის შევსებას - 31 მარტს მორიგი საქველმოქმედო სპექტაკლი - „თეთრი ბაირაღები“ გაიმართება. აპრილის თვიდან კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, თეატრ-სტუდია „მოდინახე“ საქართველოს რეგიონებში გასტროლებს კახეთიდან დაიწყებს.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11