მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის “დიდი იდეების კონკურსი 2022’’ იწყება Big Idea Challenge - 2022

პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის “დიდი იდეების კონკურსი 2022’’ იწყება Big Idea Challenge - 2022

09-03-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-4 წლის პროექტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხადდება “დიდი იდეების კონკურსი 2022“ (Big Idea Challenge - 2022), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).

კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:

1. ციფრული ტექნოლოგიები; 2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა;

გამარჯვებულები, გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით, საიდანაც:

  • -  ჯამში 30 გუნდი მიიღებს საერთაშორისო მენტორობის პაკეტს, ხოლო 8 გამარჯვებული საერთაშორისო ბიზნეს მხარდაჭერას იდეის განვითარებისათვის და შესაძლებლობას მიიღოს ფულადი პრიზი 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).

  • -  ასევე ცალკე კონკურსად განიხილება ე.წ. „ხალხის რჩეული“ რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები.

    დაინტერესებულ პირებს, რომელთაც აქვთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი, 15 აპრილამდე მოეთხოვებათ უბრალოდ ინტერესის გამოხატვა პლატფორმაზე რეგისტრაციის სახით. (ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა, სხვა არაფერი არ მოგეთხოვებათ. მსურველებს რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით).

    რეგისტრაციისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე:

    https://creativespark-bigidea.uk/

რეგისტრაციის შემდეგ (28 თებერვლიდან - 15 აპრილამდე) დაგიკავშირდებით საორგანიზაციო გუნდი და დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის ჩატარდება სხვა და სხვა სესიები და მათ გაეწევათ შესაბამისი მენტორინგი. ამის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.

სხვა დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:

“დიდი იდეების კონკურსი 2022“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;

  • ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;

  • ცოდნის გაზიარება.

    დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/

აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების

განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ.

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა დეპარტამენტის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ- ს ინოვაციების ცენტრი.

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11