მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

თბილისის მერიამ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერიამ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

04-03-2022


თბილისის მერიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინეს.

„ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას - ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. მაღალი იყო ახალგაზრდების მხრიდან მოთხოვნა, შეგვექმნა შესაძლებლობა და მექანიზმი სამეწარმეო ტიპის პროექტების დასაფინანსებლად. პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალური მისიის მქონე პროექტების, მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნის და განვითარებას და ამით ახალგაზრდების ფინანსურ გაძლიერებას, რაც ჩვენი, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პროგრამის მიზნებია: ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება.


პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან. ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 30 000 ლარს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ბიზნესისთვის საჭირო დანადგარების, ტექნიკის, სხვა მატერიალური-ტექნიკური საშუალებების და მასალების შეძენა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისები და საოპერაციო ხარჯები.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 10 მარტს და გაგრძელდება 30 მარტის ჩათვლით. (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას ქუჩა N7).

10 მარტიდან, პროგრამის შესახებ ინფორმაცია და განაცხადის ფორმები განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე - www.tbilisi.gov.ge

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი კახაბერ ლაბუჩიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11