საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებით, 4 მარტს სტუ-ში CERN/IPPOG-ის ონლაინ მასტერკლასი გაიმართება, რომელიც ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას უშუალოდ გაეცნონ CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობებს. მასტერკლასს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები დაესწრებიან.
დაგეგმილ ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობას შემდეგი უნივერსიტეტები მიიღებენ: Istanbul Ozyegin, თურქეთი; University of Cyprus, კვიპროსი; Santiago de Compostela, ესპანეთი; Eötvös Loránd University, უნგრეთი; University of Antwerp, ბელგია; Institute for Research in Fundamental Sciences, ირანი; A. Alikhanyan National Laboratory, სომხეთი.
IPPOG ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) დაკავშირებული მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციაა, რომლის მიზანიც, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში ფუნდამენტური მეცნიერებების, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციაა. IPPOG კოლაბორაციის წევრები არიან ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია და ა.შ.