მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პარლამენტარმა გიორგი ვოლსკიმ საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პარლამენტარმა გიორგი ვოლსკიმ საჯარო ლექცია ჩაატარა

25-02-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „100 საჯარო ლექციის“ ციკლის ფარგლებში, პარლამენტის წევრის, გიორგი ვოლსკის საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექცია ონლაინ ფორმატში წარიმართა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დიპლომატმა გიორგი ვოლსკიმ განიხილა თემა -  „საქართველო საერთაშორისო ფორმატებში, შიდა და საგარეო გამოწვევები“.

საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა და გამოთქვა მზაობა, უნივერსიტეტში ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც პარლამენტარმა გიორგი ვოლსკიმ წარმოადგინა, მსგავსი ლექციები, რაც შეიძლება ხშირად ჩატარდეს.

„იმ საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს რეალობაა და იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს მოძმე ქვეყანაში ხდება, მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე სტუდენტებთან საუბარი. დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური კუთხით ბატონი გიორგი ვოლსკის გამოცდილების გაზიარება, დროული და საინტერესო იქნება ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მიხარია, რომ ამ ურთულეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტის წევრი ატარებს საჯარო ლექციას და ორმაგად მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები ძალიან დაინტერესდნენ წარმოდგენილი თემით“, - განაცხადა დავით გურგენიძემ

გიორგი ვოლსკი შეეხო მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ვითარებას, მიმოიხილა გასული საუკუნის 90-იანი წლებში მიმდინარე მოვლენები. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიმკვიდრა უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ ადგილი, თანამედროვე გლობალურ პოლიტიკაში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯები, რომელის საერთაშორისო ასპარეზზე გადავდგით. ჩვენს ქვეყანას „ნატო“ და ევროკავშირი არა მხოლოდ რეზოლუციებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებით უდგას გვერდში, იგულისხმება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თანადგომა. საქართველოს ევროკავშირში მძლავრი პოზიცია გააჩნია. 2014 წლიდან ვართ ასოცირებული წვრები, 2016-ში კი ასოცირების შეთანხმება შევიდა ძალაში და საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, პრაქტიკულად მივაღწიეთ, პოლიტიკურის გარდა, ასევე, მთავარ შეთანხმებას, გვქონდეს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საჯარო ლექცია დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გიორგი ვოლსკის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, დეპუტატი საჯარო ლექციას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კიდევ გამართავს.  


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11