მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმაურება

25-02-2022


ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო,

დღეს სახელმწიფო დროშები დაშვებულია!

25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა! 

უახლოესი წარსულის ამ ქარტეხილს, რუსეთ-საქართველოს ომს - 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში, რაც 25 თებერვლის ოკუპაციითა და ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით დასრულდა, უკავშირდება ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის, იუნკრების, მოხალისეთა შენაერთებისა და ქართველი ერის თავდადება, გმირული თავგანწირვა იმ ბრძოლაში, რომლის ბედიც წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ჩვენს ქვეყანას 70 წლის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული თავისი  იდენტობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკრალური  - თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მწარე გაკვეთილია - მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილებისა და უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამჟამად მიმდინარე მძაფრი ვითარების ფონზე - რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს! წარსულის გამოცდილება მუდმივად უნდა შევიმეცნოთ, არსებულ რეალობას მივუსადაგოთ და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის მშვიდობიანი ძალისხმევა არ დავიშუროთ. ამ გზაზე მუდამ უნდა გვახსოვდეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი თავგანწირვა, ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართველი ერი.

გვახსოვდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ფაქტი, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღესაც უკუპირებულია და ქვეყანა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მცოცავი ანექსიის რეჟიმში განაგრძობს აღმშენებლობას!

დღევანდელი დღე შეგვახსენებს, თუ რა უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რა არის ჩვენთვის უალტერნატივო პერსპექტივა და რა მიზნები გვამოძრავებს, თუ რამდენად უნდა ვიყოთ საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობისთვის მომზადებული, ერთ მუშტად შეკრული, თანამიმდევრული, ყველა დარგში პროფესიონალური კადრებით აღჭურვილი, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად.

ვიყოთ მტკიცენი, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს, ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული და მაღალი დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

ღმერთი ფარავდეს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქვეყანას!

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11