მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს უმასპინძლა

22-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს შეხვდა, მასთან ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დელეგაცია, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი ანარ რასულოვი, აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. 


ვიზიტის ფარგლებში რექტორმა დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს უნივერსიტეტის 100-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა და  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერებინა.

ლაბორატორიულ კომპლექსში უნივერსიტეტის მეცნიერებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სტუმრებს მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ამსახველი ფოტოექსპოზიცია წარუდგინეს  და იმ სამეცნიერო კვლევების, გამოგონებებისა და გლობალური ექსპერიმენტების შესახებ ესაუბრნენ, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

შეხვედრაში ონლაინ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შვეიცარიიდან, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრს CERN-ში, სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში ის მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტები და მიღწეული შედეგები გააცნეს, რომლებშიც უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივები და სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლის პროცესს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იმ მხარდამჭერ პროექტებს, რაც მათ სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღების, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართულობის და რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრისა და აზერბაიჯანის დელეგაციის უნივერსიტეტში ვიზიტი მრავალმხრივ იყო მნიშვნელოვანი, რადგან მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა არაერთი სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიება.


„სტუმრებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში წარმატებით ახორციელებენ მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში; ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით იგეგმება. ასევე, განვიხილეთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები; შევეხეთ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1000-მდე აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას და მათ შორის ბევრია  მოტივირებული ახალგაზრდა, მაღალი აკადემიური მოსწრებით, რომლებიც ეფექტურად არიან ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე, სამეცნიერო კვლევებში. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ეს სტუდენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს დაამთავრებენ, გახდებიან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების დესპანები და მათი ძალისხმევით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მტკიცე და მრავალმხრივი გახდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 


შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზერბაიჯანელ სტუდენტებს გაესაუბრა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11