მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა

09-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციული ტექოლოგიების განვითარების ინსტიტუტთან (IDIT)“ ერთად, უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღსანიშნავი კონფერენცია ჩაატარა.

„საქართველო 2019 წლიდან ჩაერთო მსოფლიო ინტერნეტის უსაფრთხოების ღონისძიებებში. დღეიდან კი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ონლაინ სივრცე, დღეს, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. კოვიდ პანდემიამ უკეთ დაგვანახა, რომ ინტერნეტის გარეშე ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს ცხოვრება რთული წარმოსადგენია. სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ინტერნეტ-სივრცეს იყენებს პირადი მონაცემების მოპარვისა თუ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. უსაფრთხო ინტერნეტის დღე არის გლობალური მოძრაობა, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოში ყოველწლიურად ტარდება კონფერენცია ISOC საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ტექნიკური უნივერსიტეტის ამ მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მოძრაობაში“, - აღნიშნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იოსებ ქართველიშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექოლოგიების განვითარების ინსტიტუტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ინტერნეტსივრცის უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

„სამიზნე აუდიტორი არიან ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები. უტოპიაა თქმა იმისა, რომ ინტერნეტსივრცე იდეალურად უსაფრთხო გახდება, თუმცა ეს ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ   შევწყვიტოთ ამ გზაზე სიარული. ჩვენ გვსურს უსაფრთხო გარემოს შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას შესთავაზებს. მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობას გამოხატავს“, - განაცხადა ინფორმაციული ტექოლოგიების განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ბუბუტეიშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ფეიკ-ნიუსების, თაღლითური შეტყობინებებისა და არასანდო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციების მეთოდოლოგია. ასევე, ის თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა პირადი მონაცემები და ამ კუთხით რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლებას, პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11