მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „მეწარმეობის დღე 2022“ ჩატარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „მეწარმეობის დღე 2022“ ჩატარდება

09-02-2022


ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-4 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის მეწარმეობის დღე 2022“  ონლაინ  რეჟიმში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობითა და სტუ-ის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით,  ჩატარდება. ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ნებისმიერ სტუდენტს, კურსდამთავრებულს, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენელს, რომლებიც დაინტერესებული ბრძანდებით ღონისძიების თემატიკით, გაქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეა ან უბრალოდ გინდათ მეტი გაიგოთ მეწარმეობის, სამეწარმეო ცოდნის, ინოვაციებისა და ზოგადად ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, გეძლევათ  შესაძლებლობა დაესწროთ  აღნიშნულ ღონისძიებას.

„სტუ-ის მეწარმეობის დღე 2022“  ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის მეშვეობით. ღონისძიება ითვალისწინებს 5 სხვადასხვა სესიას, რომლებსაც ერთ დღეში, გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები ჩაატარებენ. სესიაზე განსახილველი თემებია:

·    სესია 1 - სემინარი თემაზე: „მეწარმეობა გლობალურ გარემოში - მეწარმეობის თანამედროვე პარადიგმები”;

·    სესია 2 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობა და მეწარმეობის სამართლებრივი საკითხები”;

·    სესია 3 - სემინარი თემაზე: „ინვესტიციების მართვა სამეწარმეო საქმიანობაში”;

·    სესია 4 - სემინარი თემაზე:  „სამეწარმეო ადამიანური რესურსების მართვა და თავისებურებები”;

·    სესია 5 - სემინარი თემაზე: „სამეწარმეო უნარები და მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობა”;

კურსის სრულად გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს  დღის ბოლოს,  ორენოვანი - ქართულ-ბრიტანული სერთიფიკატები გადაეცემათ.

ასევე ღონისძიებაზე გაიგებთ მეტს პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ სამომავლო გეგმების შესახებ.

„მეწარმეობის დღე 2022“-ის ღონისძიების პარტნიორია სტუ-ის ტრანსპორტისა და ინდუსტრიის მენეჯმენტის დეპარტამენტი, სადაც 2021-2022 სასწავლო წლიდან, პირველი წელია ხორციელდება ექსკლუზიური საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა- „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“. სესიებზე წარმოდგენილი თემები კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოდერაციით, მომზადებულია აღნიშნული პროგრამის აკადემიური პერსონალის მიერ. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. განაცხადები მიიღება 16 თებერვლის 23:59 საათამდე. რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული:  https://forms.gle/UH62vyLnYam2uusZ9

პროექტს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში ახორციელებს.

„მეწარმეობის დღე 2022“-ის მთავარი პარტნიორია, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და ტრანსპორტისა და ინდუსტრიის აკადემიური მენეჯმენტის დეპარტამენტი; პროექტის ორგანიზებას სტუ-ის ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.   

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ის ინოვაციების ცენტრს“ (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N121) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11