მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 91 წლის გახდებოდა

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 91 წლის გახდებოდა

04-02-2022


ნანა ხაზარაძე 1931 წლის 4 თებერვალს თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1952 წელს ნანა ხაზარაძე, თავის მეუღლესთან, ვახტანგ ფიფიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს სწავლა მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. აქ შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. წ. VIII საუკუნეში”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო.

ნანა ხაზარაძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1957 წლიდან 2006 წლამდე ამ ინსტიტუტში განვლო სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა საფეხური – ლაბორანტიდან მთავარი მეცნიერის თანამდებობამდე. წლების განმავლობაში ის ამ განყოფილების ხელმძღვანელიც იყო. 1990-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს.

1973 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში”; სადოქტორო დაიცვა 1985 წელს: ,,საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები)”, პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს.

ნანა ხაზარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენს: სამხრეთ კავკასიის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. მის ნაშრომებში მრავალი სამეცნიერო საკითხი და პრობლემაა გაანალიზებული და გადაჭრილი – ფრიგიასთან დაკავშირებული საკითხები, უძველესი ქართველური ტომების, მოსხებისა და მესხების ისტორია, “მოსხიკეს” და “მოსხური მთების” ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.

ნანა ხაზარაძემ, პირველმა საქართველოში, შეისწავლა იეროგლიფურ-ლუვიური ენა და დამწერლობა. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ წყაროებში დაცული უმდიდრესი მონაცემების საფუძველზე ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ძველი ისტორიის კვლევის შესაძლებლობა. ნანა ხაზარაძემ, პირველმა, ისტორიულ წყაროდ გამოიყენა თავად იეროგლიფი, განიხილა იგი, როგორც გარკვეული შინაარსის მატარებელი ნიშანი და მასში ჩადებული სემანტიკური კოდი გამოავლინა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ნანა ხაზარაძემ დაიწყო ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კვლევა. მისი ინტერესების სფეროში “თაბალისა” და “მუშქების” ქვეყნები მოექცა. მან გამოიყენა ძველაღმოსავლური წერილობითი წყაროები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ხეთოლოგიისა და ასირიოლოგიური მიღწევები და დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ძვ. წ. IX-VII სს. თაბალი დასახლებული იყო ხეთურ-ლუვიური, ინდოევროპული ტომებით და ამ სამყაროს ტრადიციების გამგრძელებელ ეთნიკურ ერთეულს წარმოადგენდა.

ნანა ხაზარაძემ დაადგინა მოსხების განსახლების ტერიტორია ძვ. წ. VI-V სს. შესძლო “მოსხების მთების” ლოკალიზაცია, განსაზღვრა სტრაბონისეული “მოსხიკეს” მდებარეობა და დაადგინა, რომ ის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. შეისწავლა მუშქების ისტორია და დამაჯერებლად დაასაბუთა, მოსხების და მესხების იდენტიფიკაცია. ეთნონიმი ,,მესხის” ამოსავალ ფორმად საერთო ქართველური “მოსხი” მიიჩნია. ნანა ხაზარაძემ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ სტრაბონისეული ,,მოსხიკე” და “მოქცევაი ქათლისაი”-ში ნახსენები “არიან-ქართლი”, ერთსა და იმავე ტერიტორიას გულისხმობდა.

ნ. ხაზარაძის კალამს ეკუთვნის 205 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. ნ. ხაზარაძე მონაწილეობდა მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში, მათგან 50 საერთაშორისო იყო (მოსკოვი, ლენინგრადი, ერევანი, ლონდონი, ლეიდენი, ლაიპციგი, პრაღა, სტამბული, ტოკიო.).

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ნ. ხაზარაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა და დღემდე ამ მიმართულების ხელმძღვანელია, 2009 წლიდან არის ამ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აქტიურად კითხულობს ლექციებს, ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს. არის დისერტაციების ხელმძღვანელი და ოპონენტი. 1990 წლიდან კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: საქართველოს ისტორია, ქართული და უცხოური წყაროები საქართველოს ისტორიის შესახებ, ძველი მსოფლიოს ისტორია (საბერძნეთი, რომი) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, გენდერი და კონფლიქტი, თეორიული კონფლიქტოლოგია, პოლიტიკური კონფლიქტები, კონფლიქტის ფსიქოლოგია.

ნ. ხაზარაძე წლების მანძილზე იყო ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კავკასიის ხალხთა ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ნანა ხაზარაძე ი. ჭავაჭავაძის სახ. საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის გამგეობის წევრია. 1995 წლიდან დღემდე მწიგნობართა ასოციაციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2006 წლიდან დღემდე ე. თაყაიშვილის სახ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეცაა. 1995-97 წ.წ. ნ. ხაზარაძემ დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ფენიქსი XXI, ისტორია და თანამედროვეობა.” 1995 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,შალომის” წევრი, საერთაშორისო მეროისტიკული საზოგადოების საპატიო წევრი.

1990 წლიდან 2006 წლამდე ნანა ხაზარაძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,შრომების” სარედაქციო კოლეგიაში. იგი ჟურნალების ,,ანალები” და ,,საისტორიო ვერტიკალები” რედკოლეგიის წევრიცაა.

ნანა ხაზარაძეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 1981 წელს მედალი “За трудовую доблесть” , 1985 წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის პრემია, 1990 წ. -მედალი “შრომითი წარჩინებისათვის”, 1990 წ. – საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, 1996 წ. – ,,ღირსების ორდენი”, 2010 წ. – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მელიქიშვილისა და ე.თაყაიშვილის პრემიები.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11