მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში მორიგ წარმატებას მიაღწია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში მორიგ წარმატებას მიაღწია

01-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, იური ბაღათურიას, ოთარ კემულარიას და ირაკლი ლომიძის შემადგენლობით, CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია.


მათ საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.

CMS ექსპერიმენტში ჩართული სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენლის, იური ბაღათურიას განმარტებით, ჯგუფმა, შესაბამისი გამოცდის გავლის შედეგად, გაციების სისტემის პროტოტიპები კამერებზე დააყენა. ამ ეტაპზე, სტუ-ის მკვლევრები სამეცნიერო მიმართულებით მონაწილეობენ RPC კამერებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზში, კამერების ტესტირებებში, მათი რადიაციული მედეგობის გამოცდაში, ახალი კამერების შექმნაში და სრულ ტესტირებაში.


„წარმოუდგენლად რთული დანადგარების შექმნაში, როგორიცაა, დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) და მასზე მომუშავე ოთხი დიდი ექსპერიმენტი (CMS, ATLAS, ALICE და LHCb), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა, სამყაროს შესახებ უფრო ღრმა ცოდნის გარდა, მოიტანს პრაქტიკაში გამოსაყენებელ ცოდნას კრიოგენული, ზეგამტარი მაგნიტების, ელექტრონიკის და ვაკუუმური სისტემების მიმართულებით. ეს გვაძლევს დიდ საერთაშორისო კოლაბორაციებში მუშაობის გამოცდილებას, რთული საინჟინრო სისტემების, თანამედროვე კომპიუტერულ სისტემების და რთული ალგორითმების შექმნისა და გამოყენების ცოდნას.  რაც მთავარია, ჩვენი მეცნიერები, ახალგაზრდები უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროცესში.

ექსპერიმენტები არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები და მათ რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა არის სასარგებლო და პრესტიჟული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეყოლება თანამედროვე დონის სხვადასხვა მიმართულებების ინჟინრები, ფიზიკოსები და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რეალური ეკონომიური და სამეცნიერო-ტექნიკური თვალსაზრისით“, - აცხადებს CERN-ის CMS ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი ზვიად წამალაიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CMS კოლაბორაციის შექმნის დღიდანვე არის მისი წევრი. სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები, IT სპეციალისტები, აქტიურად მონაწილეობენ CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის წინაღობურ შრიან კამერებში (Resistive Plate Chambers, RPC) და მაღალი გრანულირების კალორიმეტრის (High Granularity Calorimeter Calorimeter, HGC) სუბდეტექტორების საქმიანობაში.


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც მასშტაბით, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, არის პრესტიჟული და მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ექსპერიმენტების წევრი და მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს მსოფლიოს წამყვან, უდიდეს ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. აღნიშნული მჭიდრო ურთიერთობები შესაბამისად განაპირობებს, ჩვენი სპეციალისტების ვიზიტებს ამ ცენტრებში და ასევე, უცხოელი კოლეგებისა ჩვენთან. აადვილებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ჩვენს სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას ყოველთვის იყვნენ მოვლენების განვითარების ეპიცენტრში და უდიდეს გამოგონებებში მიიღონ მონაწილეობა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ქართველი მეცნიერების აქტიურობას CMS ექსპერიმენტში სერიოზულ ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ -აცხადებს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, RPC სუბდედექტორში 15-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ქართველი ფიზიკოსები CMS-ში მონაწილეობენ ამ ექსპერიმენტის დაფუძნების დღიდანვე. სტუ-ის მეცნიერები ორი მიმართულებით - მიონური სისტემის RPC ჯგუფი, ასევე ადრონულ კალორიმეტრში (HCAL), აქტიურად მუშაობენ, რაზეც ცხადად მეტყველებს ქართველი ფიზიკოსების თანაავტორობით გამოქვეყნებული შრომები და მათი ციტირების ინდექსი.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11