მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილ სტროუ მილებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილ სტროუ მილებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

28-01-2022


   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტროუ მილების შესადუღებელი მანქანის შესაქმნელად, სამუშაოს პირველი ეტაპი დაასრულეს. ხუთმა მეცნიერმა: ზვიად წამალაიძემ, ნიკოლოზ წვერავამ, გიორგი ადამოვმა, თენგიზ ტორიაშვილმა და რომან აბრამიშვილმა, საქართველოში პირველებმა დაამზადეს 5 მმ დიამეტრის, 20 მკმ სისქის, 1მ,  2მ და 4მ სიგრძეების სტროუ მილები. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პარამეტრების მქონე სტროუ მილებს, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენს მეცნიერთა ჯგუფს, ამ დიდი წარმატებით შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ექსპერიმენტებში. ორმაგად სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი DUNE ექსპერიმენტის საკვანძო პარტნიორი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველები ვართ, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია, რაც ძალიან საამაყოა უნივერსიტეტისა და ექსპერიმეტში მონაწილე ჯგუფის წევრებისათვის.“ - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

თანამედროვე ექსპერიმენტებში დეტექტორებისადმი ტექნიკური მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება, რამაც გამოიწვია ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება. მაღალი ენერგიების ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების თვისებების შესწავლის ერთ-ერთი მეთოდია ტრაექტორიების დადგენა, რისთვისაც ტრეკული დეტექტორები გამოიყენება, ხოლო მათ მგრძნობიარე ნაწილს, სტროუ მილები წარმოადგენს. ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიით დამზადებული სტროუ, ცილინდრული ფორმის სპეციალური გაზით სავსე მეტალიზირებული მილია, რომელიც მასში გამჭოლ ნაწილაკებს აღიქვამს. მილები ემსახურება ამ ნაწილაკების დაფიქსირებას და მათი კორდინატების ჩაწერას. ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი მოდელები CERN-ში (ევროპული ბირთვული კვლევების ცენტრი) შეიქმნა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მიერ, უფრო და უფრო იხვეწება. მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.


„ჩვენი უნივერსიტეტი სტროუების განხრით მონაწილეობს ისეთ დიდ საერთაშორისო ექსპერიმენტებში, როგორიცაა COMET, რომელიც იაპონიის პროტონული ამაჩქარებლის კვლევითი კომპლექსის (J-PARC) ბაზაზე ხორციელდება და DUNE , რომელიც ამერიკაში, უდიდეს ბირთვული კვლევების ცენტრ Fermilab-ში რეალიზდება. ჩვენს იაპონელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ტრეკული დეტექტორული სისტემებისათვის  სწორედ, სტუ-ში დამზადებული სტროების გამოყენება იგეგმება. ეს არის უდიდესი გამოცდილება, ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ექსპერიმენტული, ისე სასწავლო თანამშრომლობის მხრივ, რაც ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის უდიდესი პრესტიჟი და წარმატება იქნება.- აცხადებს მკვლევარი ნიკოლოზ წვერავა.

სტუ-ში დამზადებულ სტროუებს ბევრი უპირატესობა აქვთ. მათი დამზადებისას არ გამოიყენება წებო და მილები მუშაობს ვაკუუმში. აღნიშნული მილები გამჭირვალეა ნაწილაკებისათვის, არ აფერხებენ და ცვლიან მათი ფრენის ტრაექტორიას, რაც ტრეკული დეტექტორებისათვის მცირე ზომის და დაბალი ენერგიების მქონე ნაწილაკების დასაფიქსირებლად  გადამწყვეტია. 




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11