მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს

საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს

25-01-2022


16 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი, მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაციით გაიხსნა.

საიუბილეო, 2022 წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე  სარეკრეაციო ზონის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტის მთავარი კონცეფცია, ერთიანი მწვანე სივრცის შექმნაა, კუნძულებითა და მოსასვენებელი ზონებით, სადაც 100-ზე მეტი ჯიშის ხე და 1000-მდე ბუჩქი დაირგვება. დაახლოებით, 400 კვადრატული მეტრი კი, მწვანე გაზონებს დაეთმობა. პარკში, ასევე დაგეგმილია, ერთიანი ავტომატური სარწყავი და გარე განათებების სისტემების დამონტაჟება.


წელს, ასევე იგეგმება დიღომში, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩაზე, უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ჰაბის მშენებლობის დაწყებაც, რომელიც სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტს, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს, სამშენებლო ფაკულტეტის წყლისა და ჩამდინარე წყლების ხარისხის კვლევის ლაბორატორიასა და ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევით ლაბორატორიას გააერთიანებს. 


სასწავლო-სამეცნიერო კვლევით ჰაბში მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ წყალთან დაკავშირებული სერვისები: ჰიდროგეოლოგიური  და გეოლოგიური კვლევები, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროზე მიმდინარე პროცესების (ღვარცოფების, წყალდიდობების და ა.შ), კომპიუტერული და ფიზიკური მოდელირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის, ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის ანალოგი აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს.

საიუბილეო ღონისძიებაზე, სტუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, ასევე ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წელს დაიწყოს უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია.


ქვეყნის  მეთაურმა, ასევე განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯიც, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დასასრულს უხალოვდება.

სტუ-ის აღნიშნული კოლეჯი სამტრედიის რაიონის, სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარეობს  და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, ხელს უწყობს ქვეყანაში  სოფლის მეურნეობის  დარგის განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფრანგეთის უნივერსიტეტებთან - რენ 1-თან და მონპელიე სუპაგროსთან მიმდინარე ორდიპლომიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, რძისა და ღვინის საპილოტე ლაბორატორია-საწარმოების აშენებასაც გეგმავს, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან 2 მილიონიანი დაფინანსება გამოიყოფა. მშენობლობის დაწყება სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ღვინისა და რძის საპილოტე საწარმოები სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაიღრმავონ, უშუალოდ ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევები და შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები.


რძის საწარმოს ექნება პოტენციალი, დღიურად მიიღოს 1 ტონა რძე და დაამზადოს ყველა ტიპის რძის ნაწარმი: პასტერიზებული რძე, იოგურტი, მაწონი, ხაჭო და ოთხივე სახეობის ყველი. საწარმო იქნება მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რძის პროდუქტების მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისათვის.

ღვინის სასწავლო- სამეცნიერო საწარმოში კი, ყველა ტიპის  ღვინის წარმოება მოხდება. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ღვინის დაწურვის, ჩამოსხმისა და შენახვის პირობები. საწარმოში გაკეთდება მცირე ზომის, საძველე მარანი, სადაც სასმელი დარეზერვდება და შესაბამისი პირობებით შეინახება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11