მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი დამდეგ შობა-ახალწელს გილოცავთ

სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი დამდეგ შობა-ახალწელს გილოცავთ

28-12-2021

ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, კოლეგებო,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სახელით, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს!

2021 წელიც მძიმე და ტკივილით სავსე გამოდგა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის - მრავალი ქვეყანა და მათ შორის ჩვენი სამშობლოც არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა. ადამიანური ტრაგედიები, სირთულეები, განსაცდელი, რაც არა მხოლოდ კოვიდპანდემიით იყო გამოწვეული, თითოეულ ჩვენგანის ოჯახს შეეხო.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც, მთელი წლის მანძილზე, რთული გამოწვევების წინაშე იდგა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევძელით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება, სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება. დიახ, სტუდენტებთან ერთად, დავძლიეთ ყველა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და გაცილებით ეფექტურად, ვიდრე გასულ, 2020 წელს.

პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივით, უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, არაერთი სიახლე დაიგეგმა, მათ შორის: განვითარდა და გაცილებით მოქნილი, სტუდენტზე ორიენტირებული გახდა საუნივერსიტეტო სერვისები; ჩვენმა საუკეთესო სტუდენტებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გახდნენ სხვადასხვა ფონდების და სახელმწიფო სტიპენდიანტები, მოიპოვეს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო გრანტები, მონაწილეობა მიიღეს არაერთ საერთაშორისო კვლევაში, სამეცნიერო კონფერენციასა და კონკურსში, გაცვლით პროგრამებში...

პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის მანძილზე, უნივერსიტეტის სტუდენტ გოგონათა და ვაჟთა სპორტულმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ღირსეული გამარჯვება - სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ყველაზე მეტი ჯილდო: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც გამარჯვებულმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა, ჩემპიონის ტიტული და თასი ოფიციალურად გადმოგვეცა. ეს კი ნამდვილად უდიდესი წარმატებაა! ვამაყობთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონი გახდა! იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სხვა დიდი საერთაშორისო წარმატებები -  მარიამ იმნაძე, როგორც საუკეთესო სპორტსმენი თავისუფალი ცურვის სახეობაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი გახდა; სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნიკა ღუდუშაური კი, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

პანდემიის მიუხედავად, 2021 წლიდან დავიწყეთ აქტიური მზადება უმნიშვნელოვანესი თარიღის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100  წლის  იუბილესთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა 2022 წლის იანვრიდან დაიწყება და მას მრავალფეროვანი, მასშტაბური ღონისძიებების ციკლი მიეძღვნება. საიუბილეო ღონისძიებებში ჩაერთვება მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენი სტუდენტები, უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები, უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი თაობების ღირსეული წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სახელი გაუთქვეს. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით ჩავერთვებით საზეიმო სამზადისსა და ღონისძიებებში

.

ასე რომ, 2022 - ერთად დგომის, ერთმანეთის მოფერების, თავდაუზოგავი შრომისა და სწავლის, განვითარებისა და წინსვლის წელი იქნება. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს, განსაკუთრებით კი თქვენ - ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო, რადგან გვიყვარხართ და გვეიმედებით! იცოდეთ, თქვენზე დგას ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი!

დავით ოქიტაშვილი,

სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11