25 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა „თბილისი ენერჯიში“ სტუ-ის სტუდენტთა სამომავლო დასაქმება განიხილეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა- ელისო დოლაკიძემ და ირაკლი დეკანოიძემ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ტექნიკური მიმართულებით დასაქმება შესთავაზეს და კომპანიის საქმიანობა დაწვრილებით გააცნეს.
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და გაგაცნოთ კომპანია ,,თბილისი ენერჯის" შეთავაზება. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენთან დასაქმება შესაძლოა, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საინტერესო და სასურველი იყოს.“ - აღნიშნეს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე „თბილისი ენერჯის“ ინიციატივაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმაც, ლენა შატაკიშვილმა. მისი თქმით- „ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. “თბილისი ენერჯი“ მუდმივად ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა ფაკულტეტის სტუდენტება და კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ დასაქმების საშუალებას, რაც მისასალმებელია“.