მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ტურნირის გამარჯვებულია

14-12-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გამართული ტურნირის გამარჯვებულია.

სტუ-ის გუნდმა, პეტრე ლობჟანიძისა და დენი ხეირაბადის შემადგენლობით, ტურნირის ნახევარფინალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის გუნდი დაამარცხა, ხოლო ფინალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს დაუპირისპირდა, ასპარეზობა დამაჯერებელი წარმატებით დაასრულა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით,  ტურნირში გამარჯვება ცხადყოფს, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელზე კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი სპორტული წარმატება დაფიქსირდა. ვულოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს - მათ ტურნირში ღირსეულად იასპარეზეს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი ასწლოვანი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ხელი შევუწყოთ სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. მადლობას ვუხდით საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას, რომელმაც ორგანიზება გაუწია ტურნირის ჩატარებას და პანდემიის მიუხედავად, ამ სპორტული ღონისძიებით მნიშვნელოვნად გაახალისა სტუდენტური ცხოვრება.“ - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის თქმით, ყოველი ახალი სპორტული გამარჯვება ძლიერ მოტივაციას უქმნის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მეტად იზრუნოს საუნივერსიტეტო სპორტული სახეობების განვითარებაზე და სპორტში წარმატებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება აამოქმედოს.

ცნობისათვის, თოვლის ფრენბურთში 2021 წლის უნივერსიტეტებსშორისი ტურნირი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ეგიდითა და ორგანიზებით, 10-13 დეკემბერს დაბა ბაკურიანში ჩატარდა. ტურნირში, საქართველოს მასშტაბით, 28 უმაღლესი სასწავლებლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11