დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა, ლევან ბექაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს, გიორგი აბაკუმოვს 1500 ლარის ოდენობის ერთჯერადი პრემია გადასცა, ვინაიდან მან, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, თამაზ ბექაიას ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პრემიის ლაურეატი სტუდენტები ესწრებოდნენ.
„დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხარდაჭერა გამოხატა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ფონდის მიმართ. აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოხდა, იმ ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება, რომლებმაც თავიანთი ცოდნითა და უნარებით მიიღეს უმაღლესი შეფასება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, - განაცხადა, ზაზა მარუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
თამაზ ბექაიას ფონდს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში 4 წამყვან უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული, მათ შორისაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თსუ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა პროექტები სტუდენტების წახალისებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით.