მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში მესამე ევრაზიული კონფერენცია "ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისათვის" გაიმართა

სტუ-ში მესამე ევრაზიული კონფერენცია "ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისათვის" გაიმართა

07-12-2021

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე ევრაზიული კონფერენცია - "ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისთვის" ჩატარდა.

კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, წელს, პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

სტუ-ის  ინფორმაციით, კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, AMIR Technical Services Company, ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, საიმედოობის საერთაშორისო ჯგუფი- Gnedenko Forum და ტროფიმუკის ნავთობის, გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი.

კონფერენცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და კოლეგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის თანა-თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

"უნივერსიტეტები, სასწავლო-კვლევითი ერთეულები, ეკოლოგიური პროცესების სწორად მართვის პრინციპების დადგენის არა მხოლოდ აქტიური მონაწილეები, არამედ განმსაზღვრელები უნდა ვიყოთ. გარესამყაროს დაზიანებას, უმეტესწილად, გრძელვადიანი და გლობალური გავლენები და შედეგები აქვს, შესაბამისად, ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გრძელვადიანი უნდა იყოს. ამასთანავე, ჩვენი თაობის მდგრადი განვითარება არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მომავალ თაობას ჩამოერთვას თავიანთი საჭიროების დაკმაყოფილების უფლება" - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მეცნიერების მთავარი ამოცანა, ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციაა. ევრაზიული კონფერენცია - "ინოვაციები ბუნებისა და ტექნოლოგიების რისკების მინიმალიზაციისთვის" კი, კარგი პლატფორმაა ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.

"პრაქტიკოსებმა, ინჟინრებმა, მკვლევრებმა, მეცნიერებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა  პირებმა მთელი მსოფლიოდან უნდა გაცვალონ იდეები და ტექნოლოგიები უახლესი ინოვაციების განვითარების მიზნით, რაც რისკის მინიმიზაციას შეუწყობს ხელს. ეს კი არის საფუძველი თანამედროვე და მომავალმა თაობებმა ადეკვატურად შეძლონ უსაფრთხო, სუფთა გარემოს შექმნა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის" - განაცხადა დავით გურგენიძემ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11