მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაუტარა

სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაუტარა

06-12-2021

6 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ორგანიზებით, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ადვოკატმა და პატენტრწმუნებულმა, პავან კუმარ დუტმა, სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე: ,,საპატენტო სამართლის საფუძვლები ევროპის საპატენტო კონვენციის მიხედვით" ჩაატარა.

პროფესორმა ისაუბრა პატენტის ეკონომიკურ ღირებულებაზე და განიხილა პატენტუნარიანობის კრიტერიუმები: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. გარდა ამისა, მომხსენებელი შეეხო საუნივერსიტეტო ფარგლებში შექმნილი გამოგონებების კომერციალიზაციას, მის პრაქტიკულ ასპექტებს, პატენტის ვალიდაციის წესსა და პატენტრწმუნებულთა საქმიანობას.

საჯარო ლექციას სტუდენტების გარდა, ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საპატენტო სამართლის საკითხების განხილვა-დისკუსიაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

ლექციის ინგლისურენოვანი მასალები სტუდენტებს წინასწარ გადაეცათ, თუმცა მათ განსახილველ საკითხებზე, კვალიფიციური თარგმანის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომელსაც ტალტეკის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ქეთევან ტყეშელაშვილი უზრუნველყოფდა.

საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური  უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ ასევე დაგეგმილია, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზება, რომელთა განხორციელებაც, ინტელექტუალური საკუთრების  შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11