მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფიზიკოს ელგუჯა ქუთელიას 80 წლის იუბილე

ფიზიკოს ელგუჯა ქუთელიას 80 წლის იუბილე

07-12-2021

გამოჩენილ ქართველ ფიზიკოსს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკური ცენტრის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, შესანიშნავ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ ელგუჯა ქუთელიას 80 წელი შეუსრულდა.

პროფესორის ხელმძღანელობით ცენტრში შესრულებული სამუშაოები დაპატენტებულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში; აქ შექმნილ ხელს­აწყოებზე ლიცენზიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გაყიდული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ელგუჯა საქართველოში ელექტრონული მიკროსკოპიის მეთო­დების ფიზიკურ კვლევებში გამოყენების პიონერია. მან პროფესორ ჯუმბერ იოსებიძესთან ერთად, აღმოჩენის დონის ახალი მოვლენა დაადგინა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საფუძვლად დაედო მონოგრაფიას, რომელსაც 2004 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კვლევა ეხება მოხახუნე ზედაპირების ფორმირების ახალ ხერხებს, რომლებიც მაღალდისპერსიული ნახშირბადის არაწონასწორული, ამორფული მდგომარეობით არის განპირობებული. ცნობილმა მეცნიერებმა ამ მოვლენას "იოსებიძე-ქუთე­ლიას ეფექტი" უწოდეს.

პროფესორ ელგუჯა ქუთელიას ეკუთვნის 240-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 35-ზე მეტი პატენტი. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბატონი ელგუჯას უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულდა 10 საერთაშორისო საგრანტო პროექტი, ის ასევე ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესრულებას.

ბატონი ელგუჯა არის აშშ-ს ნიუ-მექსიკოს სამთო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  მიწვეული მკვლევარი. მისი მიღწევები აღნიშნულია ჯილდოებით: მედალი "შრომითი მამაცობისათვის" -1986, "ღირსების" მედალი - 1998, "ღირსების ორდენი" - 2002, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ტექნიკის დარგში- 2004, გ. ნიკოლაძის სახელობის მედალი- 2012, მასალათმცოდნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის, IAAM მედალი - 2017.

ჩვენ ვუსურვებთ მას ჩვეული ახალგაზრდული ენერგიით, პრინციპულობით, სიახლის გამძაფრებული გრძნობით, ჯანმრთელმა და სიცოცხლით სავსემ გააგრძელოს მრავალმხრივი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11