მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

26-11-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ წამახალისებელ სტიპენდიას გადასცემს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - თამუნა ცხოვრებაძე; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - გიორგი ხელაძე; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - ნინო შაგიძე.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულ 13 სტიპენდიანტ სტუდენტს, სასტუმრო „მონოფრაფში“ შეხვდნენ და სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, სტიპენდიანტების გარდა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი.

„პირველ რიგში, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რაც ვფიქრობთ, განათლების მიმართულებით, მეცენატობის ინსტიტუტის აღორძინებას შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტების წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩა. ფონდის ინიციატივა უდავოდ, გაზრდის არა მხოლოდ ამ სტუდენტების, არამედ სხვა ახალგაზრდების მოტივაციასაც, გაიღრმავონ ცოდნა, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მომავალში, წარმატებით დასაქმდნენ“ - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ფონდი უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს დააფინანსებს. მემორანდუმის მიხედვით, წინასწარ არის განსაზღვრული ის უმაღლესი სასწავლებლები და პრიორიტეტული ფაკულტეტები, რომელთა საბაკალავრო პროგრამების უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტებსაც, ფონდი სემესტრულად წამახალისებელი, ყოველთვიური სტიპენდიით დააჯილდოებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11