მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

22-11-2021

17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია- „ საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილესა და აკადემიკოს ი.ჟორდანიას დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ბატონმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. მან კონფერენციაში მონაწილე ქართველ, უკრაინელ და ყაზახ მეცნიერებთან, ცნობილი ინჟინერი მეცნიერისა და სახელმწიფო მაღვაწის, აკადემიკოს ი. ჟორდანიას დამსახურებებზე ისაუბრა.

კონფერენციის მიმდინარეობას უძღვებოდა სტუ-ის ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, ბატონი ზურაბ ლომსაძე, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ: უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის „ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ანნა ობიხოდი, ყაზახეთის „ეკოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების“ ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აკმარალ ისავევა, საქარათველოს აგრარულ სექტორში მოღვაწე უკრაინელი ბიზნესმენი, ინვესტორი ილლია მიშჩენკო, ასევე ქართველი მეცნიერები: ნოდარ ჭითანავა, თამარ კაჭარავა, გიორგი მაღალაშვილი, ოთარ ფარესიშვილი, გივი თალაკვაძე, ლაურა კვარაცხელია, ნოდარ გრძელიშვილი, რუსუდან ფირცხალავა, ჯიმშერ ქერქაძე, ვასილ ღლიღვაშვილი, ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე, ელენე ფანცხავა, ნოდარ მირიანაშვილი და ა.შ.

კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ნიადაგმცოდნისა და ეკოლოგის, აღნიშნული ცენტრის მიწის, წყლის და ტყის რესურსების განყოფილების ყოფილი გამგისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, ბატონი თენგიზ ურუშაძის ხსოვნას.

კონფერენცია მონაწილეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, თითოეულ მოხსენებას თან ახლდა პრობლემის გარშემო აქტიური მსჯელობა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეები სათანადო სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11